შენ ორი ხელფასი უნდა გქონდეს – ერთი წიგნებისთვის :)
ღმერთმა წიგნის ფესტივალი ოთხდღიანი შექმნა – არსად იჩქაროო, სტენდებს შორის გულარხეინად ისეირნეო, ყველაფერი მშვიდად დაათვალიერეო, თუ რამე გამოგრჩა, სახვალიოდ მოინიშნეო.
ერთი ეგ არის, ჩემს სამსახურს ამაზე სულ სხვა აზრი აქვს და, ორ სადაგ დღეს ვინ ჩივის, შაბათსაც კი მხოლოდ ოთხი საათისთვის მოვახერხე “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ცხვირის შერგვა.
მეთხუთმეტე საიუბილეო ბიბლიოფორუმი სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო – აკას “შენს თავგადასავალზე” დაწერილი საკონკურსო პოსტი გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა, ოფიციალურ კატალოგშიც მოხვდა და ასი ლარითაც დამიმძიმა საფულე. დამეთანხმეთ, ორგანიზატორებმა საფესტივალოდ დარაზმული ადამიანისთვის ზედგამოჭრილი პრიზი შეარჩიეს.
ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ნეტარი ბოდიალისთვის დრო ცოტა მქონდა-მეთქი და პირდაპირ საქმეზე გადავედი.
ჯერ პროგრამა-მინიმუმით დავიწყე – “დიოგენედან” სტივენ კინგის “მიზერი” და “მწვანე გზა” წამოვიღე (მართალია, იქაურობა მოზღვავებული მკითხველის გამო ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა, მაგრამ არც გაღიმება დავიწყებიათ, არც ხურდაზე დაუწუწუნიათ, წიგნებსაც ლამაზად ფუთავდნენ და ფერად-ფერად სანიშნეებსაც აყოლებდნენ); “სულაკაურთან” ახალ აკას ვტაცე ხელი; “ინტელექტის” სტენდზე – აკუნინის “სასაფლაოს ამბებს”, “საუნჯეს” კი იმ წიგნისთვის მივადექი, განსაკუთრებით რომ მაინტერესებდა – ლია ლიქოკელის “დევის ცოლის სიცილი” უკვე თაროს მიმშვენებს და თვალს და გულს ერთნაირად მიხარებს.
შეიძლება, ითქვას, ამ ფესტივალით ყველაზე მეტად ჩემმა საბავშვო კოლექციამ იხეირა – ჩუკოვსკის ზღაპრები, “სამი ბღენძი”, ელის კაუტის “ოსტატი ედერი და მისი პუმუკელი”, “ჰერაკლეს გმირობები”, “ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი”, აგნია ბარტოს ლექსები, “ასტონის ქვები” უსაყვარლესი ილუსტრაციებით, სულხა-საბას იგავები… “უცნობ ქართულ ზღაპრებსაც” მივაკვლიე, ნატო დავითაშვილის დინოზავრ დინდინელასაც, მარკ ტვენის ლეგენდარული დილოგიის ახალი გამოცემაც მომეწონა, მიუნჰაუზენიც, აიბოლიტიც და ბურატინოც… უი, საბავშვო “ვეფხისტყაოსანი” დამავიწყდა კინაღამ!
ცხადია, ხელი არც საუფროსო წიგნებისთვის დამიკლია – კვირა ხეირიანად არ იყო გათენებული, რომ ნობელიანტი ლიტერატორების ლექციების ოთხტომეული უკვე იღლიაში მქონდა ამოჩრილი. მარი ბექაურის “მეორე მხარე”, აკადემიური ბერძნული მითოლოგია, უინსტონ ჩერჩილის “მოახლოვებული ქარიშხალი”, გადმოქართულებული ფრედ ვარგასი, სელმა ლაგერლოფის “პორტუგალიის იმპერატორი”, ჯაბა იოსელიანის “სამი განზომილება”, ირაკლი ჩარკვიანის საავტორო სვეტები და ინტერვიუები… წლევანდელ “თხუთმეტ საუკეთესოს” რომ ვტენიდი ჩანთაში, ისეთი საეჭვო ფხრაწუნი გავიგონე, მივხვდი, დროზე უნდა გავჩერებულიყავი.
ყველაზე სასიამოვნო ამბავი და ჩემი საფესტივალო აღმოჩენა ბოლოსთვის შემოვინახე – მარის და ირაკლის “წიგნები ბათუმში“. სტარტიც ასეთი უნდა – რუსული წიგნების ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდათ და ისეთი გემრიელი ფასდაკლება, ლამის იქ დავრჩი. თუმცა, წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა – ჰარი ჰარისონის საკულტო ფოლადის ვირთხის სრული, თერთმეტნაწილიანი ეპოპეა, საჩუქრად მერგო… მაღაზია ჯერ არ გახსნილა, და, ვეჭვობ, მთავარი სიურპრიზებიც წინ გველოდება. აი, ათუხთუხდებიან მთელი ძალით და მერე ნახეთ – ბათუმელებს უმაგრესი ბუქსთორი შეემატებათ, მე – ჩემი ქალაქის სიყვარულის კიდევ ერთი მიზეზი.
ასე იყო თუ ისე, ფორსმაჟორული ფესტივალიც მშვენივრად ჩავამთავრე. ოღონდ, ვზივარ ახლა გაავებული და იმ კატალოგებს ვათვალიერებ, გუშინ, შესასვლელშივე რომ მომაჩეჩეს და ჩახედვა ვერ მოვასწარი – რამდენიმე გემრიელი ლუკმა მაინც გამომრჩენია!
Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბორის აკუნინი, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გრიგოლ ჩხარტიშვილი, დიოგენე, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, ირაკლი ბაკურიძე, ირაკლი ჩარკვიანი, ლია ლიქოკელი, მარი ბექაური, მარი კორინთელი, მარკ ტვენი, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, ნატო დავითაშვილი, საბავშვო ლიტერატურა, სელმა ლაგერლოფი, სტივენ კინგი, უინსტონ ჩერჩილი, ფრედ ვარგასი, ქართული თარგმანი, ქარჩხაძის გამომცემლობა, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ჯაბა იოსელიანი, ჰარი ჰარისონი
