Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™ »ინტელექტი
Viewing all articles
Browse latest Browse all 11

საფესტივალო გეგმა –ყველაზე გემრიელი წიგნები

$
0
0

ლია ლიქოკელი. დევის ცოლის სიცილი. გამომცემლობა "საუნჯე". თბილისი, 2013მოლი ბლუმის ბლოგის ერთგული მკითხველი თუ ბრძანდებით, აუცილებლად გემახსოვრებათ, რომ წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის მიწურულს, თქვენი მასპინძელი თბილისის წიგნის ფესტივალის მხიარულ ორომტრიალში ეხვევა, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონებში დაბოდიალობს და ფერად-ფერად სტენდებთან დროს და ფულს გულარხეინად ფლანგავს.

აქამდე ერთი საფესტივალო დღეც არ გამიცდენია, არც ცხელ-ცხელი რეპორტაჟების დაწერა და თქვენამდე მოტანა დამზარებია… ოღონდ, წელს, სამსახურისა და გადარეული გრაფიკის გამო, ამ უკიდეგანო სიამოვნებაზე უარის თქმა მიწევს. გუშინ ვერაფრით დავუსხლტი საქმეს, დღესაც, ალბათ, ასე იქნება და ისევ შაბათ-კვირის იმედად ვარ.

დიდხანს ვიმტვრიე თავი, პირველი “საფესტივალო” პოსტი როგორ დამეწერა. ალბათ, ვერც ვერაფერს მოვიფიქრებდი, ჩემს მეგობარ ეკას რომ არ ერჩია – იმ წიგნებზე მოყევი, პირველ რიგში რომ უნდა ჩაუძახო ჩანთაშიო.

ფესტივალზე იმდენი სიახლეა ხოლმე, იმდენნაირი აქცია და მაცდუნებელი შემოთავაზება, კინკილა პოსტი ჩამოთვლას ვერ აუვა. აგერ, “სანტა სტივენ კინგი. მიზერი. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2013ესპერანსას” ფასდაკლების ახალი სისტემა აქვს – 25 პროცენტს რომ უკაკუნებს; “დიოგენემ” სპეციალური კატალოგი გამოსცა – საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ტომეულებზე, “ამერიკელების” სერიაზე, საბავშვო პროზაზე, ძველ და ახალ წიგნებზე ხელშესახები შეღავათები გვექნებაო… “სულაკაური”  სეზონის ჰიტის – “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის” პირველ ათ ტომს მესამედს აკლებს, თან ბონუსად ისეთი დისქაუნთ-ბარათი მოყვება, ლამის ვინანე, ათივე შინ რომ მაქვს… ფასდაკლებაა ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო ექვს ტომზე, “მუმინების ბიბლიოთეკის” ოთხეულზე, ყველაზე პატარებისთვის განკუთვნილ საკითხავზე… სხვა გამომცემლობებსაც ექნებათ სპეციალური, საფესტივალო ფასები და გულუხვი აქციები – ბიბლიოფილების ზეიმი უამისოდ წარმოუდგენელია…

მოსაწყენად ნამდვილად არ გვეცლება და უიქენდს ხელების ფშვნეტით ველოდები. გული მიგრძნობს, სიურპრიზები და მოულოდნელი აღმოჩენებიც მრავლად იქნება და ჩაფიქრებულზე ბევრად მეტ წიგნს წამოვიღებ შინ, თუმცა, დღეს იმ ხუთეულზე მოგიყვებით, ყველაზე მეტად რომ მიკაწკაწებს კბილები.

დიოგენემ” დანაპირები შეასრულა და საფესტივალოდ სტივენ კინგის ორი ცინცხალი თარგმანიც გაგვიხერხა. “მწვანე გზაზე” და “მიზერზე” ბევრს არ გექაქანებით – ამერიკელ ცოცხალ კლასიკოსს ჩვენთან ლამის სამშობლოზე უკეთ იცნობენ, უამრავი დამფასებელი ჰყავს, ფილმიც გექნებათ ნანახი და რუსულადაცაკა მორჩილაძე. ქართულის რვეულები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013 გადააბულბულებდით თავის დროზე. ახლა გადმოქართულებული დავაგემოვნოთ. ხუთტომეულია დაანონსებული და, იმედი მაქვს, დანარჩენ სამსაც მალე ჩავიგდებთ ხელში. ჰო, ეს ჩვენი კინგი ხეირიანად არც გამოსულა და უკვე ფასდაკლებით იყიდება. სასიამოვნოა :)

სულაკაური” აბა რის სულაკაური იქნებოდა, ბიბლიო-ფორუმისთვის გემრიელი ლუკმა არ შემოენახა. ესეც ახალი, საგანგებოდ საფესტივალოდ გამოცემული აკა მორჩილაძე  – “ქართულის რვეულები. XIX საუკუნის სურათები“. ეთნოპროზა,  ბელეტრისტის ენით დაწერილი ისტორია, ზედმეტი და მოსაწყენი თარიღების, წყაროების, სქოლიოების გარეშე. ის, რაც ხელოვანს დაამახსოვრდა… ხუთი ფოტოჩანართიც ახლავს თანო, სატყუარა შემოგვიგდეს… ერთი სიტყვით, ვნახოთ და მერე განვსაჯოთ. აკას ცუდი წიგნი მე ჯერ არ შემხვედრია. ან კარგია, ან ძალიან კარგი…

აკუნინი როგორ მიყვარს, კი იცით. თაროებზე სრული ბიბლიოგრაფია მიდევს,  “ქინდლში” – განსაკუთრებით გემრიელი ლუკმები. ოღონდ, ქართული თარგმანი მეცოტავება. ჯერჯერობით, სულ სამი რომანია – “აზაზელი”, “თურქული გამბიტი” და “ლევიათანი” (მადლობა მიხო მოსულიშვილს). ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი აღტაცება, “ინტელექტის” ფეისბუქ-გვერდზე “სასაფლაოს ამბების” გარეკანი რომ აღმოვაჩინე.  ჩვეულებრივი წიგნი არ გეგონოთ ეს “სასაფლაოს ამბები”. ორი ავტორი ჰყავს – ბორის აკუნინი და გრიგოლ ჩხარტიშვილი :) მოსკოვის, ლონდონის, პარიზის, იოკოჰამას, ნიუ-იორკის და იერუსალიმის ნეკროპოლისებზე პუბლიცისტიკას მცირე ბორის აკუნინი. გრიგოლ ჩხარტიშვილი. სასაფლაოს ამბები. გამომცემლობა "ინტელექტი". თბილისი, 2013მოთხრობები, ნოველები, ერთგვარი მინი-დეტექტივები ენაცვლება. ისეთი გემრიელი კოქტეილია, სანამ ბოლომდე არ გაიყვან, ვერ გაეშვები…

აი, ეს წიგნი კი განსაკუთრებით მაინტერესებს. ლია ლიქოკელი გეცოდინებათ – ისე გემრიელად მოუდის სიტყვა, ისეთი ტკბილი ქართულით წერს, ისეთი ლაღია, თავისთავადი, კოხტა და კოპწია, ფეისბუქზე მის ნოუთებს ანკესით დავდევ, რომელიმე არ გამომეპაროს. “დევის ცოლის სიცილი” ლიას სადებიუტო კრებულია. სულ ახალი. ერთი კვირის წინ ჰქონდა პრეზენტაცია. იქ არ ვყოფილვარ (ცოდვის კალო ტრიალებდა რუსთაველზე და ვის ეცალა), სამაგიეროდ, ფესტივალზე ვერ დამისხლტება და იქნებ, ავტოგრაფსაც გამოვკრა ხელი :)

და ერთი სასიამოვნო ამბავიც. “წიგნები ბათუმში” ხომ გახსოვთ? მარის და ირაკლის უთქვამთ, სანამ თქვენ ბათუმში ჩამოსვლას მოიფიქრებთ, ჩვენ ჩამოგაკითხავთ აქეთ და საფესტივალო სტენდთან გამოგვიარეთო…  კიევიდან ჩამოტანილი წიგნები აქვთ, თითებს ჩაიკვნეტ. მე ფერად-ფერადი საბავშვო გამოცემები და ჯორჯ მარტინის ექვსტომეული მაქვს შეგულებული. ოღონდ, ცხვირი მიგრძნობს, ასე იოლად ვერ გადამირჩებიან და რაღაცებს კიდევ წამოვიყოლებ.

აი, ასეთია ჩემი საფესტივალო გეგმა. თუმცა, ვეჭვობ, ნადავლი ბევრად მასშტაბური აღმოჩნდება და შემაჯამებელ პოსტში სხვა სიახლეებზეც მოგიყვებით. ეს უკვე ორშაბათს. მანამდე კი, ერთი ყველასთვის საყვარელი ბიჭის არ იყოს, Счастливой охоты!


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბორის აკუნინი, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გრიგოლ ჩხარტიშვილი, დევის ცოლის სიცილი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეთნოგრაფიული რომანი, თანამედროვე რუსული ლიტერატურა, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, ირაკლი ბაკურიძე, ლია ლიქოკელი, მარი კორინთელი, მიზერი, მწვანე გზა, სასაფლაოს ამბები, საუნჯე, სტივენ კინგი, ქართული თარგმანი, ქართულის რვეულები, წიგნები ბათუმში, ჯორჯ მარტინი

Viewing all articles
Browse latest Browse all 11

Trending Articles