Quantcast
Channel: Molly Bloom's Day™ »ინტელექტი
Viewing all 11 articles
Browse latest View live

წიგნის ფესტივალი. დღე პირველი

$
0
0
როგორც იქნა, დადგა დღე, რომელსაც, რამდენიმე კვირაა, მოუთმენლად ელოდნენ თბილისელი ბიბლიოფილები და, რა თქმა უნდა, მეც. დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკარს ჯერ კიდევ შუადღემდე მივადექი საფესტივალო პროგრამით შეიარაღებული.
გამოფენის ტერიტორიაზე ხალხის სიმრავლემ თავიდანვე კარგ გუნებაზე დამაყენა, ხოლო როდესაც მე-11 პავილიონში, შესასვლელთან დამხვედრ გოგონებს ფერადი ფლაერები ჩამოვართვი და სტელაჟებთან შეჯგუფებულ მნახველებს გადავავლე თვალი, განწყობა კიდევ გამიუმჯობესდა.
თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს სტუმრების დასახვედრად საგულდაგულოდ ეზრუნათ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, “დიოგენეს”, “ინტელექტის”, ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის, სანტა-ესპერანსას,
Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.
ფესტივალის ორგანიზატორებმა დაპირება შეასრულეს და თითქმის ყველა გამომცემლობამ წიგნები სერიოზული ფასდაკლებით შემოგვთავაზა. გამონაკლისს მხოლოდ “ლიგამუსი” წარმოადგენდა, რომლის სტენდზეც, ჩემთვის (და ალბათ ფენტეზის ყველა მოყვარულისთვის) საინტერესო გამოცემებზე სეილი ვერ აღმოვაჩინე.
სიახლეებს რაც შეეხება, ვფიქრობ, სტუმრები გულნაკლულნი არ დარჩებოდნენ, რადგან თითქმის ყველა გამომცემლობამ თითო-ოროლა ახალი წიგნი მაინც წარმოადგინა.
“დიოგენეს” სტენდთან ნატო დავითაშვილის “ნისლებში და ნისლებს მიღმა” მაჩუქა ჩემმა მეგობარმა, ხოლო როჯერ ზელაზნისა და ტერი პრატჩეტის ტომებით თავად გავინებივრე თავი. ერთი ეგ იყო, რომ ყველა კონსულტანტს რატომღაც წვრილი კუპიურების პრობლემა ჰქონდა და ბოლო წიგნის საფასური ლამის ლიფტისთვის გადანახული ათთეთრიანებით გადავიხადე. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ დღევანდელი მწარე გამოცდილების მიღების შემდეგ მომდევნო დღეებისთვის მაინც მოიმარაგებენ ხურდას-მეთქი.
პირველი საფესტივალო დღისთვის, მოგეხსენებათ, სამი პრეზენტაცია იყო დაგეგმილი. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, პირველი ორი ისეთი დაგვიანებით დაიწყო, რომ ერთადერთი პუნქტუალური პრეზენტატორი – მიხო მოსულიშვილი, საგანგებოდ მოწყობილ სცენასთან “პეგასის” სტენდით ხელში გერმანული სიზუსტით როცა გამოცხადდა, ბაკურ სულაკაურისა და მისი შვედი სტუმრების მიერ საბავშვო წიგნის “კოლოფის” წარდგინება ახალი დამთავრებული იყო, ხოლო ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლები უდრტვინველი სახით იწყებდნენ გალაკტიონის ოცდახუთტომრულზე საუბარს.
პავილიონში ხეტიალისას ერთი, ფრიად სასიამოვნო, ტენდენცია შევნიშნე – როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოებისთვის წიგნის ფესტივალი უკვე საოჯახო დღესასწაულთან ასოცირდება და ამან ძალიან გამახარა. მით უმეტეს, რომ იმ სტუმრებისთვის, რომლებიც შემოთავაზებული წიგნების ავ-კარგის შესაფასებლად მეტისმეტად პატარები იყვნენ, ეზოში გასართობი პროგრამა “მულტი-პულტი” მიმდინარეობდა პოპულარული ანიმაციური გმირების მონაწილეობით. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ფოტოაპარატით პატარა ბიჭის დაფიქსირება, რომელიც შემზარავ ცისფერ დრაკონს მამაცურად ეკონწიალებოდა კუდზე.
სტუმრებს შორის ბიბლიოფილურ-მსუნაგი სახით ჩაიქროლა როდემ და “დიოგენეს” სტენდთან რატომღაც მინიატურული პოეტური კრებულებით სავსე კალათში ჩაყო ცხვირი. შორიახლო ჰექსეც დავლანდე და ვასასის დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერსად აღმოვაჩინე. უკვე დაღლილი ვიყავი, თან წიგნებით სავსე ჩანთაც გვარიანად მამძიმებდა, ამიტომ დანარჩენი ხვალისთვის გადავდე და სულიერი საზრდოს მიღების შემდეგ გადავწყვიტე, ცოტა მიწიერ საკვებზეც მეზრუნა. “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორია კი ერთი სასიამოვნო ფიქრით გამსჭვალულმა დავტოვე: “ფესტივალი შედგა!”

Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დიოგენე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, მიხო მოსულიშვილი, ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, პეგასი, როჯერ ზელაზნი, ტერი პრატჩეტი, ფანტასტიკა, ფენტეზი, ქართული თარგმანი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ქართული პროზა, ქარჩხაძის გამომცემლობა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

წიგნის ფესტივალი. დღე მესამე

$
0
0

მოგეხსენებათ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ მონიჭებულ, ექსკლუზიური მიმომხილველის საპატიო სტატუსს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და 26 მაისის შემდეგ თბილისის წიგნის ფესტივალზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ დღეს ცოტა  შემაგვიანდა პავილიონში მისვლა, თუმცა თსუ-ს გამომცემლობის პრეზენტაციას მაინც მივუსწარი და ნუგზარ წიკლაურს, რომელსაც წიგნებზე საუბარი აშკარად პოლიტიკურ დებატებზე უკეთ გამოსდის, აქაქანებულმა გადავუღე რამდენიმე სურათი.

ვინც მოლი ბლუმის ბლოგზე ბოლო ორი პოსტი წაიკითხა, ეცოდინება, რომ წლევანდელი წიგნის ფესტივალით მე, როგორც რიგითი ბიბლიოფილი, ფრიად კმაყოფილი გახლავართ. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ორგანიზატორებმა საკმარისად გაგვანებივრეს და დღევანდელი დღისგან განსაკუთრებულ კრეატივს აღარც ველოდი. მით უფრო სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებთან – ანა კორძაია-სამადაშვილთან და ლაშა ბუღაძესთან შეხვედრა. პოპულარულ ავტორებთან გასაუბრებას დიდი სიამოვნებით დავესწარი და “ახალი არხისთვის” მოწყობილ პრეზენტაციაზე გავქანდი, რომელზეც “დიოგენე” საბავშვო წიგნებს წარადგენდა. ცოტა მოგვიანებით “ზებრა გრუპის” მიერ გამართულ ”პრინცესა ზელინას”‘ პრეზენტაციას ვესტუმრე და თვალებგაფართოებული პატარების ხილვით დავტკბი, რომლებიც სცენაზე ფეხმორთხმულები ისხდნენ და ხმამაღლა წაკითხულ ზღაპარს გასუსულები უსმენდნენ.

იმასაც გაგიმხელთ, რომ აქციებს შორის დატოვებული დროის რამდენიმე მცირე მონაკვეთი არაჩვეულებრივად გამოვიყენე – “პალიტრა L”-ის სტენდთან დიდი ხნის სურვილი ავისრულე და ფანტასტიური “ვიზუალური ლექსიკონი” შევიძინე; იქვე “თუთიყუში ჟაკოს თავგადასავალს” გადავაწყდი, გემრიელად დასურათებულს და მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი; ამას ენ ბრაშერესის “ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” მივამატე, წლების წინ ნანახი ფილმიდან გამოყოლილი იმპრესიების ხათრით და კიდევ იმიტომ, რომ ამ წიგნს გაზეთმა “გარდიანმა” “სიკეთის, სითბოს და მეგობრობის ზეიმი”უწოდა…

მიუხედავად უამრავი აქციისა, მესამე საფესტივალო დღის მთავარი მოვლენა ჩემთვის მაინც ნატო დავითაშვილის ფენტეზი-რომანის – “ნისლებში და ნისლებს მიღმა” – პრეზენტაცია იყო, გამომცემლობა “ლოგოს პრესის” მიერ გამართული. ეს წიგნი ჯერ კიდევ გუშინწინ მაჩუქა ჩემს ბიბლიოფილურ სიმსუნაგეში კარგად გათვითცნობიერებულმა მეგობარმა, ამიტომ დღეს ნატოს ავტოგრაფის გარეშე დავრჩი, მაგრამ ამის გამო ცხვირჩამოშვებული ყოვლისშემძლე და დაუღალავმა ლიბიკამ გამამხნევა და პრობლემის მოგვარებას შემპირდა :)   ასე რომ, ავტოგრაფის მიღების იმედი მაქვს და ეს ამბავი ფესტივალის ბოლო დღეს ძალიან გამიხალისებს :)

ხვალ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მკითხველს დავით ქართველიშვილს, რევაზ გაჩეჩილაძეს, ბასა ჯანიკაშვილს და ჯაბა ზარქუას შეახვედრებს, “ინტელექტი” ნობელიანტების ლექციების ოთხტომეულს წარადგენს, ბიბლიოფილები კიდევ ერთხელ დაივლიან სტენდებს და სტელაჟებს, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის დამზადებულ უსაყვარლეს ჩანთებს კიდევ ერთხელ აავსებენ წიგნებით და ფესტივალიც დაიხურება…


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: ანა კორძაია-სამადაშვილი, ახალი არხი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დიოგენე, ენ ბრაშერესი, ზებრა გრუპი, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, თსუ-ს გამომცემლობა, ინტელექტი, ლაშა ბუღაძე, ლიბიკა სილვესტრისი, ლოგოს პრესი, ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ნუგზარ წიკლაური, პალიტრა L, საბავშვო ლიტერატურა, ფანტასტიკა, ფენტეზი, ქართული თარგმანი, ქართული პროზა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, Guardian

წიგნის ფესტივალი. დღე მეოთხე და უკანასკნელი

$
0
0

ფესტივალის რიგით მეოთხე დღე, პირველი სამის მსგავსად, ხალხმრავალი გამოდგა. კვირას წიგნებისთვის იმათაც კი მოიცალეს, ვინც აქამდე, მიზეზთა გამო, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონში მისასვლელად დრო ვერ გამონახა.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მკითხველს, დაპირებისამებრ, მწერლებთან შეხვედრა დღესაც მოუწყო. “ინტელექტმა” სერიოზული საკითხავის  მოყვარულებს ნობელიანტების სტოკჰოლმური ლექციების ოთხტომეული წარუდგინა. განსაკუთრებული ფუსფუსი შეიმჩნეოდა “პალიტრა L”-ის და “დიოგენეს” სტენდებთან, “ლოგოს პრესის” საბავშვო კუთხეში ფესტივალის  პატარა სტუმრები გატაცებით ხატავდნენ და დროდადრო ფერად წიგნებსაც ფურცლავდნენ, ვაჟა-ფშაველას სტენდთან “ხმელი წიფლისა” და “შვლის ნუკრის ნაამბობის” ნაწყვეტებს კითხულობდნენ…

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა დასასრულს თბილისის წიგნის მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალი…

მოლი ბლუმი, როგორც მოგეხსენებათ, ამ ოთხი დღის მანძილზე თქვენი ერთგული და კეთილსინდისიერი მეგზური გახლდათ მეთერთმეტე პავილიონის კედლებში მოქცეულ წიგნის სამყაროში. “ბრძოლის ველიდან” მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟებში იმწუთიერი, უაღრესად დადებითი ემოციაც იგრძნობოდა და ისიც ცხადი იყო, რომ ფესტივალი ძალიან მომწონდა. ახლა კი წუნია და ჭირველი მკითხველის ნიღაბს მოვირგებ და შევეცდები, აწ უკვე ჩავლილი ღონისძიება მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასო.

ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ოთხი დღის მანძილზე “ექსპო ჯორჯიას” პავილიონში ხალხის ნაკადი წამითაც არ შეწყვეტილა. 26 მაისის (და შემდგომი დღეების) დრამატულმა მოვლენებმა ფესტივალს მნახველი ვერ შეუმცირა. ქართული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პოლიტიკასა და წიგნს შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.

 ფესტივალზე მოზარდი ბიბლიოფილების სიმრავლე თვალის ერთი გადავლებითაც შეიმჩნეოდა. ამას წინათ, მე და როდე საბავშვო გამოცემების  სიჭარბეზე ვწუწუნებდით. ახლა რომ ვუკვირდები, ეს ფრიად სასარგებლო ტენდენციაა,  რადგან წიგნის სიყვარული სწორედ ადრეული ასაკიდან იწყება და გამომცემლობებიც ერთგულ მკითხველზე აქედანვე ზრუნავენ.

“ექსპო ჯორჯიას” პავილიონი დამთვალიერებლისათვის უკიდურესად კომფორტული გამოდგა. წიგნების არჩევანი დიდი იყო, ფასდაკლება თითქმის ყველა სტენდთან – ხელშესახები. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალის სავიზიტო ბარათი კრეატივი გახლდათ. შარშანდელი “კარცერ-ლუქსიც” მახსოვს და უფრო ადრინდელი ტომ სოიერის ღობეც, მაგრამ ეს ოთხი დღე შემოქმედებითი აქციებით გაცილებით დატვირთული გამოდგა. ანიმაციური გმირების კოსტუმირებული შოუ, ფლაერების დამრიგებელი, გორგოლაჭებზე მოსრიალე გოგონები, უამრავი ფერადი მაისური, გამომცემლობების საფირმო ჩანთები, გემოვნებით გაფორმებული სტენდები, პატარებისათვის საგანგებოდ მოწყობილი საკითხავი და სახატავი კუთხეები – ამ ყველაფერმა წიგნის ზეიმი კიდევ უფრო გაალამაზა…

ფესტივალს ბლოგერებიც სტუმრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს სტელაჟებს შორის ავცდი, მაგრამ ჰექსე, როდე, ვასასი, დი@, ბაო, ნათია, თეკლა, შიო, მერი პოპინსი, თათა თათული, azazello, Tabooსალომეა, გვირილა, ფაიფურის ანგელოზი, ten minutes older ნამდვილად იქ იყვნენ. ქართული ბლოგოსფერო არც ისე ყვითელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს…

მართალია, პოსტის დასაწყისში შეგპირდით, რომ მაქსიმალურად კრიტიკული ვიქნებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საწუწუნო ბევრი არაფერი მაქვს და საყვედურს არც არავინ იმსახურებდა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ გამომცემლობას, რომელთაც ძველ, საბჭოთა სახელთან ერთად მემკვიდრეობად უჟმური ხასიათი და მკითხველისადმი ღრმად ინდიფერენტული დამოკიდებულება ერგოთ. მათ, ალბათ, არც სადღესასწაულო ფასდაკლებაზე სმენიათ რამე, არც გამომცემლობის ლოგოთი დამშვენებულ ფერად-ფერად პაკეტებზე, ღიმილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია…

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნინო გოგინაშვილი, რომელიც ჩვენთვის ლიბიკაა, მაგრამ, “შეთავსებით” საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ და წინასაფესტივალო ციებ-ცხელებამ სწორედ მის მხრებზე გადაიარა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კი  ისეთ ტემპს და დატვირთვას გაუძლო, გამოცდილ ექსტრემალსაც შეშურდებოდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მეთერთმეტე პავილიონში გატარებული ოთხი დღე ჩემთვისაც და, დარწმუნებული ვარ, სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც უამრავი სასიამოვნო იმპრესიის წყაროდ იქცა. “ფესტივალი”, როგორც მოგეხსენებათ, საზეიმოს ნიშნავს და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მეცამეტე საერთაშორისომ სახელი გაამართლა.

P.S. ესეც ჩემი საფესტივალო “ნადავლი” :)

 

 


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დიოგენე, ვაჟა ფშაველა, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, კარცერ ლუქსი, კრეატივი, ლიბიკა სილვესტრისი, ლოგოს პრესი, ნობელის ლიტერატურული პრემია, ნობელის პრემია, პალიტრა L, საბავშვო ლიტერატურა, ტომ სოიერი, ფანტასტიკა, ფენტეზი, ქართული ბლოგოსფერო, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

თბილისის წიგნის მეთოთხმეტე ფესტივალი – დასასრული

$
0
0

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

“დილას” ფერად-ფერადი სტენდიდან “ბოცოს და გვანცას მოგზაურობა ისტორიაში” წამოვიყოლე. სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი ნაწილი –  მეორე დღემდე არ გამოუციათ. სხვათა შორის, ვერც “აგორამ” მოახერხა “ტენტენის თავგადასავლის” გაგრძელება – კომიქსების მოყვარულნი ისევ უმცირესობაში ვიმყოფებით.

ცოტა არ იყოს, გული მწყდება, რომ დიანა იანსეს ‘ავღანური დღიურები” დღეს შევიძინე და არა ხუთშაბათს, თორემ ავტორისა და მთარგმნელის სამახსოვრო წარწერებითაც მოვიწონებდი თავს. თუმცა, იმედი მაქვს, ლიკა ჩაფიძეს რომელიმე პრეზენტაციაზე  აუცილებლად შევხვდები -National Geographic at Tbilisi Book Fair 2012 “Laterna magica”-ც ხელმოუწერელი მიდევს შინ.

მარი ბექაურის “ელექტროთაობის” ქება უკვე იმდენჯერ მოვისმინე, ფესტივალიდან მის გარეშე ნამდვილად ვერ წამოვიდოდი. გურამ მეგრელიშვილის “მოდელი 18/12″-ს და წლევანდელ “15 საუკეთესო ქართულ მოთხრობასაც” ვტაცე ხელი – სამამულო პროზის სიახლეებს როგორი ინტერესით ვადევნებ თვალს, კი მოგეხსენებათ.

“ქართული მხატვრობის” ქარჩხაძისეულ კოხტა სერიას ხელოვნების არაერთი მოყვარული ემადლიერება. ნაცნობი თუ უცნობი ფერმწერების ასეთი ხარისხიანი ალბომებით დიდად განებივრებულნი არ ვართ. ჰოდა, რა გული მომითმენდა, კოლექცია არ გამემდიდრებინა – ავთო ვარაზს, გიგო გაბაშვილს და ელენე ახვლედიანს დღეს კარლო კაჭარავა და ირაკლი ფარჯიანიც მივუმატე.

საშვილიშვილო შენაძენიაო, სწორედ რომ ბაკურ სულაკაურის გამოცემულ “ქართულ კლასიკურ მწერლობაზე” ითქმის. უმაღლესი პოლიგრაფიული ოსტატობით შესრულებული, ჭეშმარიტად აკადემიური ათტომეული ბოლო ორი წიგნით შევავსე და ჩანთა ისე დამიმძიმდა, რომ ადგილი მხოლოდ ნიკოლას სპარკსის “დღიურის” და “ინტელექტის” სასაცილო, კარიკატურული მაგნიტებისთვის დამრჩა.

უახლოეს შაბათ-კვირას ბიბლიოთეკის ძირფესვიან დალაგებას ვგეგმავ. ახლად შემომატებულ წიგნებს დავაბინავებ, რაღაც-რაღაცებს გადავანაცვლებ. ზოგს წინ გადმოვწევ, ზოგს უკან. ალბათ, ორიოდე თაროსაც შევუკვეთ… და ბიბლიოფილების მომდევნო დღესასწაულს ისევ მოუთმენლად დაველოდები.


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, აგორა, ავღანური დღიურები, ბოცო და გვანცა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გურამ მეგრელიშვილი, დიანა იანსე, დილა, დიოგენე, ედით უორტონი, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, კომიქსი, ლიკა ჩაფიძე, მარი ბექაური, ნიკოლას სპარკსი, ორჰან ფამუქი, პალიტრა L, პელემ ვუდჰაუსი, ტენტენი, უმბერტო ეკო, ქართული თარგმანი, ქართული კლასიკური მწერლობა, ქართული მხატვრობა, ქარჩხაძის გამომცემლობა, ჩაკ პალანიკი, Laterna magica

გალა –შორტლისტი და ნომინანტები

$
0
0

რუდოლფ რასპე. ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი. თამარ ბაქრაძის ილუსტრაცია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012

პოლიტიკური ორომტრიალის მიუხედავად, ბიბლიოფილებს ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ, რომ კვირას პრემია “გალას” საზეიმო დაჯილდოვებაა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნომინანტებს და სტუმრებს წელს მეექვსედ უმასპინძლებს.

ცერემონიას ალბათ ვერ დავესწრები – ჩემი ნეტარი უიქენდი უკვე დაგეგმილი მაქვს. თუმცა, ხელს არავინ გვიშლის, ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებულ შორტლისტს თვალი გადავავლოთ და ერთმანეთს მოლოდინები გავუზიაროთ. ჩამონათვალში ისეთი გემრიელი წიგნებია მოხვედრილი, დარწმუნებული ვარ, სათქმელი ყველას მოგვეძევება.

“გალას”, მოგეხსენებათ, ხუთკაციანი ჟიური ჰყავს, ლიტერატურული გემოვნება კი იმდენად ინდივიდუალური რამ გახლავთ, ლაურეატთა გამოცნობას არც ვეცდები. უბრალოდ, იმით ვისარგებლებ, რომ ნომინანტ გამოცემათა უმრავლესობა ბიბლიოთეკაში მიდევს და მხოლოდ საკუთარ იმპრესიებს გაგიზიარებთ.

“სამაგიდო წიგნის” არსი თუ სწორად მესმის, ნომინაციის წლევანდელი გამარჯვებული ბესიკ ხარანაულის “ლექსები, პოემები 1954–2005” უნდა ჯეიმს ჯოისი. ულისე. ნიკო და მაია ყიასაშვილების თარგმანი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012გახდეს. პოეზიას პროზა რომ მირჩევნია, ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ამ კრებულის ხიბლი და ღირსება ჩემნაირი დილეტანტისთვისაც კი გასაგებია.

“წლის წიგნად” გურამ მეგრელიშვილის “მოდელი 18/12“-ს ან სანდრო ნავერიანის “არგენტინულ პიტბულს” დავასახელებდი. რა ვქნა, ორივე ძალიან მომეწონა და არჩევანის გაკეთება მიჭირს კიდეც, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, მაინც “მოდელს” ვამჯობინებ.

ახალ ქართულ თარგმანებს როგორი გაფაციცებით ვაკვირდები, კი გეცოდინებათ. ჰოდა, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ამ ნომინაციაში ერთი მეორეზე უკეთესმა პრეტედენტებმა მოიყარეს თავი. დათო წერედიანის “ფაუსტი“,  ლიკა ჩაფიძის გადმოქართულებული “LATERNA MAGICA“, ორჰან ფამუქის “სტამბოლი” თამარ ალფენიძის შესრულებით… თუმცა, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მოლი ბლუმის გული “ულისეს” ეკუთვნის. ჯოისის საკულტო რომანის ღირსებებზე საუბარი, ცოტა არ იყოს, ზედმეტიც მგონია, იმას კი სიხარულით ვიტყვი, რომ ნანატრი სრული “ულისე” ისეთი ხარისხიანი გამოცემაა, დაუბანელი ხელის მოკიდებას ვერ შეჰკადრებ…

სურათებიანი წიგნები განსაკუთრებით რომ მიყვარს, აქამდე არსად მიხსენებია. ასე რომ, წიგნის მხატვრობა მარტო პატარა მკითხველისთვის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი… ამ ნომინაციაში უპირატესობას, ცრუპენტელა ბარონის ხათრით, თამარ ბაქრაძის მოხატულ “მიუნჰაუზენს” მივანიჭებდი, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ სამივე პრეტედენტი “სულაკაურს” ეკუთვნის. სასიამოვნოა, რომ ჩემი საყვარელი გამომცემლობა ესთეტურ მხარეზეც ასე ზრუნავს.

ფენტეზი ჩემი ფავორიტი ჟანრია, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ წლის საბავშვო წიგნად ნატო დავითაშვილის ახალ რომანს “ოთხ მხარეს და ოთხ სვეტს” ვირჩევდი. სხვათა შორის, ნატო შარშანდელი “გალას” ტრიუმფატორიც გახლავთ. კარგად მახსოვს, როგორ გამიხარდა, კოლხური ცული “ნისლებში და ნისლებს მიღმა“-ს რომ ერგო.

არ ვიცი, ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა თუ სხვა რამ საცდურიც არსებობს, მაგრამ წიგნების სერიებს ახლაც დიდი გატაცებით ვაგროვებ. “ინტელექტის” ლიტერატურული პროექტი – “ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი” ჩინებული წამოწყებაა და შინ უოლტ უიტმენის “ო,ჯონ მაქსველ კუტზეე. სირცხვილი. "დიოგენეს ბიბლიოთეკა". გამომცემლობა "დიოგენე", 2012 კაპიტანო, ჩემო კაპიტანოც” მაქვს, მაგრამ საუკეთესო მაინც “დიოგენეს ბიბლიოთეკაა“. ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, პოლ ოსტერის “მისნის ღამე”, ფამუქი და ფოლკნერი  – დამეთანხმეთ, რომ ფანტასტიური თაიგულია. თბილისის წიგნის ბოლო ფესტივალზე აღებული მშვენიერი სტარტი არანაკლებ შთამბეჭდავად გრძელდება – სულ რამდენიმე კვირის წინ სერიას ჯონ მაქსველ კუტზეეს “სირცხვილი” შეემატა და ოქტომბრის ბოლოსთვის ჯეკ კერუაკის “გზაზე”-საც გვპირდებიან…

“გალას” ბოლო ნომინაციაზე – კინოსცენარებზე ვერაფერს მოგახსენებთ. იშვიათად ჩამივარდება ხოლმე ხელში. ამიტომაც, ჟიურის არჩევანს ვენდობი.

ახლა, ჩემო ძვირფასო სტუმრებო, თქვენც სიამოვნებით მოგისმენთ. კვირა საღამოს კი შედეგებს ერთად დაველოდოთ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბესიკ ხარანაული, გალა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გურამ მეგრელიშვილი, დათო წერედიანი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი, თამარ ალფენიძე, თამარ ბაქრაძე, თანამედროვე ევროპული ლიტერატურა, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, ინტელექტი, ლიკა ჩაფიძე, ლიტერატურული პრემია, მოლის ბიბლიოთეკა, ნატო დავითაშვილი, სანდრო ნავერიანი, სიესტა, ულისე, ქართული თარგმანი, ქარჩხაძის გამომცემლობა, შორტლისტი

საფესტივალო გეგმა –ყველაზე გემრიელი წიგნები

$
0
0

ლია ლიქოკელი. დევის ცოლის სიცილი. გამომცემლობა "საუნჯე". თბილისი, 2013მოლი ბლუმის ბლოგის ერთგული მკითხველი თუ ბრძანდებით, აუცილებლად გემახსოვრებათ, რომ წელიწადში ერთხელ, გაზაფხულის მიწურულს, თქვენი მასპინძელი თბილისის წიგნის ფესტივალის მხიარულ ორომტრიალში ეხვევა, “ექსპო ჯორჯიას” სტუმართმოყვარე პავილიონებში დაბოდიალობს და ფერად-ფერად სტენდებთან დროს და ფულს გულარხეინად ფლანგავს.

აქამდე ერთი საფესტივალო დღეც არ გამიცდენია, არც ცხელ-ცხელი რეპორტაჟების დაწერა და თქვენამდე მოტანა დამზარებია… ოღონდ, წელს, სამსახურისა და გადარეული გრაფიკის გამო, ამ უკიდეგანო სიამოვნებაზე უარის თქმა მიწევს. გუშინ ვერაფრით დავუსხლტი საქმეს, დღესაც, ალბათ, ასე იქნება და ისევ შაბათ-კვირის იმედად ვარ.

დიდხანს ვიმტვრიე თავი, პირველი “საფესტივალო” პოსტი როგორ დამეწერა. ალბათ, ვერც ვერაფერს მოვიფიქრებდი, ჩემს მეგობარ ეკას რომ არ ერჩია – იმ წიგნებზე მოყევი, პირველ რიგში რომ უნდა ჩაუძახო ჩანთაშიო.

ფესტივალზე იმდენი სიახლეა ხოლმე, იმდენნაირი აქცია და მაცდუნებელი შემოთავაზება, კინკილა პოსტი ჩამოთვლას ვერ აუვა. აგერ, “სანტა სტივენ კინგი. მიზერი. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2013ესპერანსას” ფასდაკლების ახალი სისტემა აქვს – 25 პროცენტს რომ უკაკუნებს; “დიოგენემ” სპეციალური კატალოგი გამოსცა – საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ტომეულებზე, “ამერიკელების” სერიაზე, საბავშვო პროზაზე, ძველ და ახალ წიგნებზე ხელშესახები შეღავათები გვექნებაო… “სულაკაური”  სეზონის ჰიტის – “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის” პირველ ათ ტომს მესამედს აკლებს, თან ბონუსად ისეთი დისქაუნთ-ბარათი მოყვება, ლამის ვინანე, ათივე შინ რომ მაქვს… ფასდაკლებაა ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო ექვს ტომზე, “მუმინების ბიბლიოთეკის” ოთხეულზე, ყველაზე პატარებისთვის განკუთვნილ საკითხავზე… სხვა გამომცემლობებსაც ექნებათ სპეციალური, საფესტივალო ფასები და გულუხვი აქციები – ბიბლიოფილების ზეიმი უამისოდ წარმოუდგენელია…

მოსაწყენად ნამდვილად არ გვეცლება და უიქენდს ხელების ფშვნეტით ველოდები. გული მიგრძნობს, სიურპრიზები და მოულოდნელი აღმოჩენებიც მრავლად იქნება და ჩაფიქრებულზე ბევრად მეტ წიგნს წამოვიღებ შინ, თუმცა, დღეს იმ ხუთეულზე მოგიყვებით, ყველაზე მეტად რომ მიკაწკაწებს კბილები.

დიოგენემ” დანაპირები შეასრულა და საფესტივალოდ სტივენ კინგის ორი ცინცხალი თარგმანიც გაგვიხერხა. “მწვანე გზაზე” და “მიზერზე” ბევრს არ გექაქანებით – ამერიკელ ცოცხალ კლასიკოსს ჩვენთან ლამის სამშობლოზე უკეთ იცნობენ, უამრავი დამფასებელი ჰყავს, ფილმიც გექნებათ ნანახი და რუსულადაცაკა მორჩილაძე. ქართულის რვეულები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013 გადააბულბულებდით თავის დროზე. ახლა გადმოქართულებული დავაგემოვნოთ. ხუთტომეულია დაანონსებული და, იმედი მაქვს, დანარჩენ სამსაც მალე ჩავიგდებთ ხელში. ჰო, ეს ჩვენი კინგი ხეირიანად არც გამოსულა და უკვე ფასდაკლებით იყიდება. სასიამოვნოა :)

სულაკაური” აბა რის სულაკაური იქნებოდა, ბიბლიო-ფორუმისთვის გემრიელი ლუკმა არ შემოენახა. ესეც ახალი, საგანგებოდ საფესტივალოდ გამოცემული აკა მორჩილაძე  – “ქართულის რვეულები. XIX საუკუნის სურათები“. ეთნოპროზა,  ბელეტრისტის ენით დაწერილი ისტორია, ზედმეტი და მოსაწყენი თარიღების, წყაროების, სქოლიოების გარეშე. ის, რაც ხელოვანს დაამახსოვრდა… ხუთი ფოტოჩანართიც ახლავს თანო, სატყუარა შემოგვიგდეს… ერთი სიტყვით, ვნახოთ და მერე განვსაჯოთ. აკას ცუდი წიგნი მე ჯერ არ შემხვედრია. ან კარგია, ან ძალიან კარგი…

აკუნინი როგორ მიყვარს, კი იცით. თაროებზე სრული ბიბლიოგრაფია მიდევს,  “ქინდლში” – განსაკუთრებით გემრიელი ლუკმები. ოღონდ, ქართული თარგმანი მეცოტავება. ჯერჯერობით, სულ სამი რომანია – “აზაზელი”, “თურქული გამბიტი” და “ლევიათანი” (მადლობა მიხო მოსულიშვილს). ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი აღტაცება, “ინტელექტის” ფეისბუქ-გვერდზე “სასაფლაოს ამბების” გარეკანი რომ აღმოვაჩინე.  ჩვეულებრივი წიგნი არ გეგონოთ ეს “სასაფლაოს ამბები”. ორი ავტორი ჰყავს – ბორის აკუნინი და გრიგოლ ჩხარტიშვილი :) მოსკოვის, ლონდონის, პარიზის, იოკოჰამას, ნიუ-იორკის და იერუსალიმის ნეკროპოლისებზე პუბლიცისტიკას მცირე ბორის აკუნინი. გრიგოლ ჩხარტიშვილი. სასაფლაოს ამბები. გამომცემლობა "ინტელექტი". თბილისი, 2013მოთხრობები, ნოველები, ერთგვარი მინი-დეტექტივები ენაცვლება. ისეთი გემრიელი კოქტეილია, სანამ ბოლომდე არ გაიყვან, ვერ გაეშვები…

აი, ეს წიგნი კი განსაკუთრებით მაინტერესებს. ლია ლიქოკელი გეცოდინებათ – ისე გემრიელად მოუდის სიტყვა, ისეთი ტკბილი ქართულით წერს, ისეთი ლაღია, თავისთავადი, კოხტა და კოპწია, ფეისბუქზე მის ნოუთებს ანკესით დავდევ, რომელიმე არ გამომეპაროს. “დევის ცოლის სიცილი” ლიას სადებიუტო კრებულია. სულ ახალი. ერთი კვირის წინ ჰქონდა პრეზენტაცია. იქ არ ვყოფილვარ (ცოდვის კალო ტრიალებდა რუსთაველზე და ვის ეცალა), სამაგიეროდ, ფესტივალზე ვერ დამისხლტება და იქნებ, ავტოგრაფსაც გამოვკრა ხელი :)

და ერთი სასიამოვნო ამბავიც. “წიგნები ბათუმში” ხომ გახსოვთ? მარის და ირაკლის უთქვამთ, სანამ თქვენ ბათუმში ჩამოსვლას მოიფიქრებთ, ჩვენ ჩამოგაკითხავთ აქეთ და საფესტივალო სტენდთან გამოგვიარეთო…  კიევიდან ჩამოტანილი წიგნები აქვთ, თითებს ჩაიკვნეტ. მე ფერად-ფერადი საბავშვო გამოცემები და ჯორჯ მარტინის ექვსტომეული მაქვს შეგულებული. ოღონდ, ცხვირი მიგრძნობს, ასე იოლად ვერ გადამირჩებიან და რაღაცებს კიდევ წამოვიყოლებ.

აი, ასეთია ჩემი საფესტივალო გეგმა. თუმცა, ვეჭვობ, ნადავლი ბევრად მასშტაბური აღმოჩნდება და შემაჯამებელ პოსტში სხვა სიახლეებზეც მოგიყვებით. ეს უკვე ორშაბათს. მანამდე კი, ერთი ყველასთვის საყვარელი ბიჭის არ იყოს, Счастливой охоты!


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბორის აკუნინი, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გრიგოლ ჩხარტიშვილი, დევის ცოლის სიცილი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეთნოგრაფიული რომანი, თანამედროვე რუსული ლიტერატურა, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, ირაკლი ბაკურიძე, ლია ლიქოკელი, მარი კორინთელი, მიზერი, მწვანე გზა, სასაფლაოს ამბები, საუნჯე, სტივენ კინგი, ქართული თარგმანი, ქართულის რვეულები, წიგნები ბათუმში, ჯორჯ მარტინი

მოლის ორი დღე წიგნის ფესტივალზე

$
0
0

თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი, 23-26 მაისი, 2013

შენ ორი ხელფასი უნდა გქონდეს – ერთი წიგნებისთვის :)

რუსა

ღმერთმა წიგნის ფესტივალი ოთხდღიანი შექმნა – არსად იჩქაროო, სტენდებს შორის გულარხეინად ისეირნეო, ყველაფერი მშვიდად დაათვალიერეო, თუ რამე გამოგრჩა, სახვალიოდ მოინიშნეო.

ერთი ეგ არის, ჩემს სამსახურს ამაზე სულ სხვა აზრი აქვს და, ორ სადაგ დღეს ვინ ჩივის, შაბათსაც კი მხოლოდ ოთხი საათისთვის მოვახერხე “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ცხვირის შერგვა.

მეთხუთმეტე საიუბილეო ბიბლიოფორუმი სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო – აკას “შენს თავგადასავალზე” დაწერილი საკონკურსო პოსტი გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა, ოფიციალურ კატალოგშიც მოხვდა და ასი ლარითაც დამიმძიმა საფულე. დამეთანხმეთ, ორგანიზატორებმა საფესტივალოდ დარაზმული ადამიანისთვის ზედგამოჭრილი პრიზი შეარჩიეს.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ნეტარი ბოდიალისთვის დრო ცოტა მქონდა-მეთქი და პირდაპირ საქმეზე გადავედი.

ჯერ პროგრამა-მინიმუმით დავიწყე – “დიოგენედან” სტივენ კინგის “მიზერი” და “მწვანე გზა” წამოვიღე (მართალია, იქაურობა მოზღვავებული მკითხველის გამო ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა, მაგრამ არც გაღიმება დავიწყებიათ, არც ხურდაზე დაუწუწუნიათ, წიგნებსაც ლამაზად ფუთავდნენ და ფერად-ფერად სანიშნეებსაც აყოლებდნენ); “სულაკაურთან” ახალ აკას ვტაცე ხელი; “ინტელექტის” სტენდზე – აკუნინის “სასაფლაოს ამბებს”, “საუნჯეს” კი იმ წიგნისთვის მივადექი, განსაკუთრებით რომ მაინტერესებდა – ლია ლიქოკელის “დევის ცოლის სიცილი” უკვე თაროს მიმშვენებს და თვალს და გულს ერთნაირად მიხარებს.

თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი, 23-26 მაისი, 2013შეიძლება, ითქვას, ამ ფესტივალით ყველაზე მეტად ჩემმა საბავშვო კოლექციამ იხეირა – ჩუკოვსკის ზღაპრები, “სამი ბღენძი”, ელის კაუტის “ოსტატი ედერი და მისი პუმუკელი”, “ჰერაკლეს გმირობები”, “ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი”, აგნია ბარტოს ლექსები, “ასტონის ქვები” უსაყვარლესი ილუსტრაციებით, სულხა-საბას იგავები… “უცნობ ქართულ ზღაპრებსაც” მივაკვლიე, ნატო დავითაშვილის დინოზავრ დინდინელასაც, მარკ ტვენის ლეგენდარული დილოგიის ახალი გამოცემაც მომეწონა, მიუნჰაუზენიც, აიბოლიტიც და ბურატინოც…  უი, საბავშვო “ვეფხისტყაოსანი” დამავიწყდა კინაღამ!

ცხადია, ხელი არც საუფროსო წიგნებისთვის დამიკლია – კვირა ხეირიანად არ იყო გათენებული, რომ ნობელიანტი ლიტერატორების ლექციების ოთხტომეული უკვე იღლიაში მქონდა ამოჩრილი. მარი ბექაურის “მეორე მხარე”, აკადემიური ბერძნული მითოლოგია, უინსტონ ჩერჩილის “მოახლოვებული ქარიშხალი”, გადმოქართულებული ფრედ ვარგასი, სელმა ლაგერლოფის “პორტუგალიის იმპერატორი”, ჯაბა იოსელიანის “სამი განზომილება”, ირაკლი ჩარკვიანის საავტორო სვეტები და ინტერვიუები… წლევანდელ “თხუთმეტ საუკეთესოს” რომ  ვტენიდი ჩანთაში, ისეთი საეჭვო ფხრაწუნი გავიგონე, მივხვდი, დროზე უნდა გავჩერებულიყავი.

ყველაზე სასიამოვნო ამბავი და ჩემი საფესტივალო აღმოჩენა ბოლოსთვის შემოვინახე – მარის და ირაკლისწიგნები ბათუმში“. სტარტიც ასეთი უნდა – რუსული წიგნების ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდათ და ისეთი გემრიელი ფასდაკლება, ლამის იქ დავრჩი. თუმცა, წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა – ჰარი ჰარისონის საკულტო ფოლადის ვირთხის სრული, თერთმეტნაწილიანი ეპოპეა, საჩუქრად მერგო… მაღაზია ჯერ არ გახსნილა, და, ვეჭვობ, მთავარი სიურპრიზებიც წინ გველოდება. აი, ათუხთუხდებიან მთელი ძალით და მერე ნახეთ – ბათუმელებს უმაგრესი ბუქსთორი შეემატებათ, მე – ჩემი ქალაქის სიყვარულის კიდევ ერთი მიზეზი.

ასე იყო თუ ისე, ფორსმაჟორული ფესტივალიც მშვენივრად ჩავამთავრე. ოღონდ, ვზივარ ახლა გაავებული და იმ კატალოგებს ვათვალიერებ, გუშინ, შესასვლელშივე რომ მომაჩეჩეს და ჩახედვა ვერ მოვასწარი – რამდენიმე გემრიელი ლუკმა მაინც გამომრჩენია!

მოლის მონაგარი. შაბათი :)

მოლის მონაგარი. კვირა :)


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, აკა მორჩილაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბორის აკუნინი, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, გრიგოლ ჩხარტიშვილი, დიოგენე, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, ირაკლი ბაკურიძე, ირაკლი ჩარკვიანი, ლია ლიქოკელი, მარი ბექაური, მარი კორინთელი, მარკ ტვენი, მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა, ნატო დავითაშვილი, საბავშვო ლიტერატურა, სელმა ლაგერლოფი, სტივენ კინგი, უინსტონ ჩერჩილი, ფრედ ვარგასი, ქართული თარგმანი, ქარჩხაძის გამომცემლობა, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ჯაბა იოსელიანი, ჰარი ჰარისონი

წიგნები, რომლებსაც თებერვალში ველოდებით

$
0
0

უილიამ ჯოისი, ლორა გერინგერი. ,"სენტ ნიკოლას ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან" . გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი, 2014
იანვარმა, შეამჩნევდით, საძილე და საკითხავი ამინდებით გაგვანებივრა. სინოპტიკოსებს მტერი ენდო, მაგრამ თებერვალიც ასეთი იქნებაო, ამტკიცებენ. მგონი, ის დროა, თადარიგი დავიჭიროთ და უკვე გადადებულ წიგნებთან ერთად ახალი სასუსნავიც მოვიმარაგოთ.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოლიმ რკინის ქალამნები ჩაიცვა, ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა და ისევ დაიარა გამომცემლობები; აბა, თქვენთვის იმ წიგნების ჩამონათვალი ხომ უნდა გაეხერხებინა, სულ მალე რომ გამოჩნდება ბუქსთორების თაროებზე. ისედაც არ გამოგრჩებოდათ, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ჩემი ბლოგის მკითხველები ნიუსებს რომ პირველნი შეიტყობენ, მეც მიხარია და თქვენთვისაც ღრმად კომფორტული და მოსახერხებელი მგონია.

ბევრი რომ არ მოგაცდინოთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

სულ მაინტერესებდა, რას შეარჩევდა “დიოგენე” საფირმო “დიოგენეს ბიბლიოთეკის” საიუბილეო, მეოცე ტომად და ა, ბატონო – ისეთი ტექსტია, ყველაზე წუნია მკითხველიც კი კმაყოფილი დარჩება – სემუელ ბეკეტის “მოლოი” – თავის დროზე ფრანგულად რომ დაიწერა და ინგლისურადდავით გაბუნია. პიესები. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2014 თავად ავტორმა თარგმნა. ირლანდიული და მსოფლიო ლიტერატურის კორიფეზე, უკანასკნელ მოდერნისტსა და პირველ პოსტმოდერნისტზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, აქაური მკითხველისთვის აშკარად ზედმეტია; დასაწყისისთვის იმას გეტყვით, რომ “მოლოის” – ბეკეტის ერთერთ ყველაზე წარმატებულ რომანს უაღრესად საინტერესო სტრუქტურა აქვს და დანარჩენს უკვე თავად ნახავთ.

დათო გაბუნიას აქამდე მხოლოდ თარმანებით ვიცნობდი; რა ვქნა, თეატრალი მე არ ვარ და სპექტაკლებზე სიარულს მულტფილმების ყურება მირჩევნია. სამაგიეროდ, გემრიელად დაწერილ პიესებს ვკითხულობ დიდი სიამოვნებით. ჰოდა, “დიოგენეს” კიდევ ერთი ახალი სასუსნავი დათოს პიესების კრებულია – “რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება”, ”HOLLAND HOLLAND”, ”ლავინიას ყურები”, და ”თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული” – სათაურები დამაინტრიგებლად გამოიყურება და მეტი რა გითხრათ, მივიდეთ, ვნახოთ და დავამარცხ… კი არა და განვსაჯოთ.

“დიოგენეს” მესამე სიახლე რომენ გარის ახლად გადმოქართულებული რომანია. აი, იმ რომენ გარის – დიდი მისტიფიკატორი რომ ბრძანდება, გონკურის პრემიის მეორედ აღება რომ მოახერხა მოგონილი გვარ-სახელით. “ამის იქით თქვენი ბილეთი არ გამოდგება” ერთი შეხედვით, სტანდარტულ სიუჟეტზეა აგებული – ხანშიშესული ბიზნესმენისა და 22 წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავზე. ამისთანა სანტიმენტალურ, გულისამაჩუყებელ თემაზე აქამდეც ბევრჯერ დაუწერიათ, მაგრამ რომენ გარისგან აშკარად მეტს ველით და ეშმაკი რომ დეტალებშია, კი გეცოდინებათ.

სულაკაურმა“, გამეორება ცოდნის დედააო და თებერვალში ის წიგნები მოამრავლა, განსაკუთრებული მოწონება რომ დასემუელ ბეკეტი. "მოლოი". "დიოგენეს ბიბლიოთეკა". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2014იმსახურა და ტირაჟიც ამოეწურა. ჰოდა, ჩემო კარგებო, თუ დათო ტურაშვილის “ტყეების მეფე”, “იყო და არა იყო რა” ან ინგლისური “ჯინსების თაობა”, ფამუქის “მდუმარე სახლი”, გიორგი მაისურაძის “მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული”, პოტერიადას ტომები ან სულაც პაოლო კოელიო გჭირდებათ, თებერვლიდან მაღაზიებში შეიარეთ – ცინცხალი რეპრინტები დაგხვდებათ.

სიახლეებიც აქვთ – ლუდვიგ ფონ მიზესის “ბიუროკრატია”, ეკატერინე ტოგონიძის “ასინქრონი” და ჰალდურ თანერის “სანჩოს გასეირნება“. სულაკაურს ახალი ლიტსასუსნავი არ მოეძებნებოდეს, ასეთი გაუგონარი ამბავი მე არ მახსენდება…

პალიტრა L“-მა – ჩვენთან სულ სიახლეებია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ორი წიგნი გვეამაყებაო. ერთი, უილიამ ჯოისის და ლორა გერინგერის ,,სენტ ნიკოლას ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან” – ვეჭვობ, განსაკუთრებით ბავშვებს გაახარებს; მე ჯერ ვერაფერს გეტყვით – პრემიებით და ჯილდოებით დახუნძლული ავტორები კი ჰყავს, მაგრამ ვაღიარებ, მათი არაფერი წამიკითხავს. ჯადოსნური ფენტეზი რომ არის, გარეკანსაც ეტყობა; სანტა-კლაუსის უჩვეულო, განსხვავებული ისტორიააო, ანოტაციას მოვკარი სადღაც TIME - XX საუკუნის ისტორია. ტომი 1. გამომცემლობა "პალიტრა L". თბილისი, 2014თვალი და აღარც გამიგრძელებია – სჯობს, სიურპრიზად დავიტოვო. ეს პირველი ტომია, მეორეც იქნებაო, დაგვაიმედეს და წინასწარ ვიფშვნეტ ხელებს.

მეორეს რაც შეეხება – სრულიად ახალი პროექტია; სტარტს 10 მარტიდან აიღებს, მაგრამ იმდენად საინტერესო მეჩვენა, რომ ახლავე უნდა მოგიყვეთ. “პალიტრა ელი”, არც მეტი, არც ნაკლები, TIME-ის – ამერიკული და მსოფლიო მედიის ფლაგმანის რჩეული მასალების გამოქვეყნებას იწყებს. მთელს მე-20 საუკუნეს თექვსმეტ ტომში მოაქცევენ; პირველს “დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე” ჰქვია, მეორეს – „ფაშიზმი“; საუკეთესო სტატიები, ექსკლუზიური ფოტომასალა, ანალიტიკა, ინტერვიუები – რა ვიცი, რა აღარ გველოდება; პროექტი მარტო ამბიციური კი არა, მეტად რთულია, რედაქტორებს მძიმე სამუშაო ელით და ძალიან მაინტერესებს, რა პროდუქტს შემოგვთავაზებენ.

ქარჩხაძის გამომცემლობა სიახლეებს და სიურპრიზებს მარტისთვის გეგმავს და ცოტა ხანს ლოდინი მოგვიწევს, მაგრამ ბარემ ვისარგებლებ და გეტყვით – “საბავშვო კლასიკას” გადახედეთ. ორი ტომია ჯერ, მაგრამ ისეთი, თითებს ჩაიკვნეტთ – “პიტერ პენი და ვენდი” და კიპლინგის “აი ასეთი ამბები“; მშვენიერი თარგმანი, ფანტასტიური, ორიგინალი ილუსტრაციები. საკოლექციო გამოცემებია და ეს სერია რომ არ გაგრძელდეს, გულიც გამისკდება.

არტანუჯის” სპორტული სერია ხომ გახსოვთ? ბექჰემს, კანს და რუნის რაფაელ ნადალის ბიოგრაფიაც დაემატება – ჩოგბურთის მოყვარულები არ დაგვეჩაგრონო. კიდევ – “სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე” – საინტერესოზე საინტერესო წიგნი. სიახლეები “ინტელექტსაც” აქვს – ნინო ნადირაძის “ჩემო ცვილისალდუნ თანერი. "სანჩოს გასეირნება". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2014 ქვეყანავ” და ლელა სამნიაშვილის “ლოცვა აბსტრაქციად” – ცინცხალი ლექსების კრებული – გურმანებისათვის.

მე კი, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტად ირანელი ნობელიანტი ქალის – შირინ ებადის “ოქროს გალიას” ველოდები. იმ ოჯახის ისტორიაა, პოლიტიკურმა დაპირისპირებამ რომ გაანადგურა – ერთი ძმა კომუნისტი იყო, მეორე – შაჰის გენერალი და მესამე – ჰომეინის მომხრე… სულო ცოდვილო და ნამეტანი აქტუალურია ჩვენთვის. თან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ბენიძის თარგმანია, ანუ კიდევ ერთი უგემრიელესობა გველის წინ.

ვათვალიერებ ახლა ჩამონათვალს და ყველაზე მეტად მრავალფეროვნება მომწონს – საკბილოს ყველანაირი გემოვნების და ასაკის მკითხველი იპოვის. ასე რომ, ჩემო კარგებო, შეთვალიერებული წიგნები მოინიშნეთ და გამომცემლობების ფბ-გვერდებს დაუდარაჯდით. თებერვალი მოკლე თვეა, სიახლეებს ლამის ყოველდღე უნდა ველოდოთ და რამე არ გამოგრჩეთ.


Filed under: მოლის ბიბლიოთეკა Tagged: აი ასეთი ამბები, არტანუჯი, ახალი წიგნები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიოგრაფია, ბიუროკრატია, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დათო გაბუნია, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, დოკუმენტური პროზა, ეკატერინე ტოგონიძე, ინტელექტი, ლელა სამნიაშვილი, ლორა ვერინგერი, ლოცვა აბსტრაქტულად, ლუდვიგ ფონ მიზესი, მოლის ბიბლიოთეკა, მოლოი, ნინო ნადირაძე, ნობელის ლიტერატურული პრემია, ოქროს გალია, პალიტრა L, პიესები, პიტერ პენი და ვენდი, პოეზია, პროზა, რადიარდ კიპლინგი, რაფაელ ნადალი, რეპრინტი, რომენ გარი, საბავშვო ბიბლიოთეკა, საბავშვო ლიტერატურა, სალომე ბენიძე, სემუელ ბეკეტი, სენტ ნიკოლას ჩრდილოელი, სტივ ჯობსი, უილიამ ჯოისი, ქართული თარგმანი, ქართული პოეზია, ქარჩხაძის გამომცემლობა, შირინ ებადი, ჯეიმს მეთიუ ბარი, non fiction, TIME

თბილისის წიგნის ფესტივალი –ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს

$
0
0

pragis sasaflao cover

ასეთ პოსტებს, დამეთანხმებით, გემრიელი შესავალი უხდება, მაგრამ დღეს იმდენი მაქვს საწერი (თქვენ კი – წასაკითხი), რომ სიტყვაკაზმულობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხელების ფშვნეტის და პირის ჩატკბარუნების დრო არ არის.

* * *

თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.

ერთი თვეა, გამომცემლობების წინასაფესტივალო მზადებას ვადევნებ თვალს და, მინდა გითხრათ, ასეთი მრავალფეროვნება არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. იმდენი სიახლეა, მარტო ჩამოთვლა დაგღლის. ჰოდა, ბარემ მეც შევიმსუბუქებ საფესტივალო ტვირთს და თქვენც გამოგადგებით – იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომელთა გამოტოვებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს.

სულაკაურს” იმდენი სიახლე აქვს, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ორი ახალი აკა  – “ჩრდილი გზაზე” და “ქემერა“. ერთი დოკუმენტური პროზაა, უახლესი ისტორიის აკას გემრიელი ენით დაწერილი ანალიზი; მეორე – მონატრებული ურბანული პროზა. გურამ ფანჯიკიძის qemera cover“ეშმაკის ბორბალი”, თავის დროზე ფრიად შეზღუდული ტირაჟით რომ დაუბეჭდავთ კომუნისტებს და ბევრს ეგებ არც კი წაეკითხოს. მურაკამის “კაფკა პლაჟზე”, სალმან რუშდის ,,ფლორენციელი ჯადოქარი“, “საბას” ორგზის ლაურეატის, თეონა დოლენჯაშვილის, “რეალური არსებები” და, ტრადიციისამებრ, 2014 წლის 15 საუკეთესო ქართული მოთხრობის კრებული.

კინობიბლიოთეკას სტანისლავ ლემის “სოლარისი” ემატება – Sci Fi-ს ლეგენდა, საკულტო წიგნი და საკულტო ფილმის ლიტერატურული პირველწყარო.  პოლონელ ლემს საბჭოთა გამომცემლობები ხშირად და დიდი მონდომებით თარგმნიდნენ, ძველი ქართული თარგმანიც არსებობს, მაგრამ ისეთი რარიტეტია, ბუკინისტებთანაც კი გაგიჭირდებათ მიგნება. ჰოდა, ახალი “სოლარისი” ორმაგად სასიამოვნოა დაtanamdevi movlenebi cover საინტერესო.

ჟანრული პროზის მოყვარულებს კიდევ ორი დიდი სიურპრიზი ელით – რიკ რიორდანის “მეხის ქურდი” (“პერსი ჯექსონი და ოლიმპიელები”) და გადმოქართულებული ნილ გეიმანი – “კორალაინმა” ფესტივალს ფეხად ჩამოუსწრო. პატარებს კი (თუმცა, რატომ მხოლოდ მათ?) – ასტრიდ ლინდგრენის სერია, პეპისა და ემილის ამბები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანით და სალომე ბენიძის გადმოქართულებული ლექსებით.

დიოგენეს” საფესტივალო კალათა, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანია და ათასგვარი სასუსნავით სავსე.  მარკ ბელასენის და ოლგა შავერნეს აუტისტი ბავშვები (სახელმძღვანელო მშობლებისთვის), დამეთანხმეთ, საჭირო და აქტუალური გამოცემაა. მდიდარი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე დაწერილი წიგნი მშობლებსაც გამოადგებათ, პედაგოგებსაც და ამ თემატიკის თითქმის სრული ვაკუუმის შევსების მისასალმებელი მცდელობაა.

კიდევ – “ეგრე გააგრძელე, ჯივზ!” პელემ  გრენვილ ვუდჰაუსის უზომოდ პოპულარული ციკლის მორიგი ნუგბარი. ათი იუმორისტული მოთხრობა, რომელთაგან ერთს განუმეორებელი ჯივზი ჰყვება :) რუსულად უკვე წაკითხული მაქვს და დამიჯერეთ, არ გამოტოვოთ, თორემ ინანებთ. ჰო, კიდევ ახალი ფამუქი – “სხვა ფერები” – ორჰან ბეის ჩანაწერების კრებული. ესეები, სტატიები, ინტერვიუები, საჯარო გამოსვლები რადიკალურად განსხვავებულ, გლობალურ თუ ყოფით თემებზე. Non Fiction როგორ მიყვარს, კი იცით და ფამუქის პუბლიცისტიკა ხელიდან გასაშვები ნამდვილად არ არის.

ამერიკელების” ფერადი სერია ერთდროულად ორი ტომით შეივსება. ერთი ჯოის კეროლ ოუტსის “შავი წყალია” – მცირე რომანი The Beatles cover“ჩაპაკვიდიკის ინციდენტზე” , – 1969 წლის ტრაგედიაზე, როდესაც კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის  მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანმხლები გოგონა კი დაიღუპა…  დამაინტრიგებელი ისტორიაა და წიგნიც არ უნდა იყოს ურიგო. მეორე ტომი სინემანიაკებს აღაფრთოვანებს: “თანამდევი მოვლენები” – თვით ვუდი ალენის პროზა, მაესტროს საფირმო იუმორით გაჯერებული ჩვიდმეტი ტექსტი. მოდი და თქვი, უინტერესოაო…

“დიოგენეს ბიბლიოთეკა” ჩვეულ სტილს არ ღალატობს და ისევ ექსკლუზიურ თარგმანს გვთავაზობს, ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“.  არ მეცნო, მაგრამ ანოტაცია ფრიად მაცდურია და საფირმო ბიბლიოსერიაში მხოლოდ ხარისხიანი პროზა რომputinis ruseti cover ხვდება, ამას უკვე მივეჩვიეთ.

დიოგენეს” ბოლო საფესტივალო სიახლეზე კი, ალბათ, მხოლოდ ძახილის ნიშნებით უნდა ვილაპარაკო. როგორც იქნა, გვეღირსა ‘პრაღის სასაფლაო“, უმბერტო ეკოს ბოლო რომანის თარგმანი. არა, რუსული გამოცემაც მიდევს თაროზე და ქინდლშიც მაქვს საიმედოდ დაბინავებული, მაგრამ გადმოქართულებული, ხომ იცით, მაინც სხვაა… თან ხათუნა ცხადაძის თარგმანია და, დამეთანხმებით, მარტო ეს ღირს ერთ წიგნად.

სიესტას” ძველ, ჰიტებად ქცეულ გამოცემებთან ერთად ერთი ისეთი სიახლეც აქვს, ასს რომ აიწონის – ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, ლეგენდარული ანტიუტოპია. შარშან დაუბეჭდავთ უმცირესი ტირაჟით, მაშინვე დაუტაცია მკითხველს და მთელი წელი მოთქვამენ ბიბლიოფილები, ეს რა იყო, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარით, ისე გააქრეთო… ჰოდა, ცინცხალი ტირაჟია, მშვენიერი ქავერით და, რაც მთავარია, ყველას შეგვხვდება.

ოჩოპინტრეს ფერად, უგემრიელესად გამოცემულ პოკეთბუქებს საფესტივალოდ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები შეემატება. ავტორზე საუბარი ზედმეტიც კი მგონია – თუ ისტორია გაინტერესებთ და მემუარების კითხვაც გიყვართ, სათქვენო წიგნი ყოფილა. ანატოლ ფრანსის “ანგელოზთა აჯანყებასაც” ვამზადებთ გამოსაცემად, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით იქნებაო… არა უშავს, კარგ წიგნს უნდა დაელოდო კიდეც.

ჰო, მოლი გირჩევთ, ოჩობუქების სტენდთან “ახალი ბერძნული ბიბლიოთეკის” პირველი ორი ტომი იკითხოთ – იაკოვოს კაბანელისის saocari axali samkaro coverპიესებისა და ანდონის სამარაკისის მოთხრობების კრებული. სამამულო გამოცემებს, მგონი, კარგად ვიცნობ, მაგრამ არ მახსენდება, ახალ და უახლეს ბერძნულ ლიტერატურას ვინმე თარგმნიდეს. აკადემიური გამოცემაა – თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროექტი. სერიის რედაქტორი სოფიო შამანიდია, რედაქტორი – ლაშა ბუღაძე. მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე საშინლად მაინტერესებს.

ელფი” ბიბლიოფილებს ორი კლასიკური თარგმანით გაახარებს. ერთი ჟან ჟიონოს “ჰუსარი სახურავზეა”, მეორე - აჰმედ ჰამბი ტამპინარის “დროის ინსტიტუტი”. ყველაზე მეტად კი “ბურატინოს თავგადასავლის” და “ექიმი აიბოლიტის” ახალგადმოქართულებული სრული ვერსია მაინტერესებს.  ესენი რომ გამოვტოვო, ჩემიpolkovniks aravin scers cover საბავშვო ბიბლიოთეკა არ მაპატიებს.

ქარჩხაძის გამომცემლობის “საბავშვო კლასიკა” ხომ იცით? ჰოდა, გრძელდება საფესტივალოდ და, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც საინტერესოდ… “პიტერ პენს” და კიპლინგის ზღაპრებს ედუარდ ლირის “ბუკნაჭო და ფისუნა” და კენეთ გრემის “ქარი ტირიფებში” მიუმატეს. ეს გემრიელობები, კარგა ხანია, შინ მაქვს – სულმა წამძლია და ფესტივალს არ დაველოდე და, მინდა გითხრათ, ორივე ძალიან კარგია.

კიდევ – სრული სიახლე ქართველი მკითხველისთვის: ნორვეგიელი მწერლის სტიან ჰულეს “გარმანის ზაფხული” და “ანას ზეცა“. საბავშვო  კი ჰქვია, მაგრამ ულამაზესი ილუსტრაციებით უფროსებიც ისიამოვნებენ.

სულაკაურის” “The Beatles” ხომ გახსოვთ? ფანტასტიკური ფოტოალბომი, ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და სულაც უნიკალური სურათებით? ჰოდა, “ქარჩხაძეს” კიდევ ერთი სიახლე აქვს ლივერპულელი ბიჭების თაყვანისმცემლებისთვის - ტერი ბაროუზის “ბითლზი დღიდან დღემდე “. ოღონდ, ეს უფრო მინიენციკლოპედიაა. ჯგუფის თავბრუდამხვევი ისტორიის თაიმლაინი, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენის დეტალური ნუსხა, უხვად დასურათებული, ეპოქის სულს რომ გაგრძნობინებს, ისეთი წიგნი…

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია” ჯერ არ მინახავს, არადა, ამბობენ,  მართლა აკადემიური გამოცემაა, სრულზე სრული და igavebi coverყოველისმომცველიო. აუცილებლად მოვიკითხავ საფესტივალო სტენდზე, თუმცა ყველაზე მეტად “უფლისწული და გველეშაპი” მაინტერესებს. სუპერ სიუპრიზი, ჯემალ ქარჩხაძის ლიტერატურული ზღაპრების კრებული. წინათქმა  აქვს ისეთი, გული გაგიჩერდება…

ინტელექტი” გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის, სადებიუტო რომანს “ჟუჟას” გამოსცემს. ავტორი თეატრალებს უფრო გეცოდინებათ სამეფო უბნის თეატრის “ლივ შტაინით”, “ჟუჟას” კი ბუდენბროკჰაუსის ლიტერატურული პრემია მიუღია და 2010 წლის საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნების ოცეულშიც შესულა.

პოეზიის მოყვარულთვის “2013 წლის 100 ლექსია” გამზადებული, სერიოზული ანთოლოგია, კარგად შერჩეული ავტორებით და მარკესის ოთხტომეული: “ჩილეში არალეგალურად შეპარული მიგელ ლიტინის თავგადასავალი”,  “გენერალი თავის ლაბირინთში”, “პოლკოვნიკს არავინ სწერს” და “საზღვაო კატასტროფაში მოყოლილი კაცის ამბავი”. თეა გვასალიას თარგმანია. ამბობენ, ძალიან კარგიაო და ვნახოთ…

არტანუჯსანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთი” აქვს. მხატვრულ-დოკუმენტური რომანი,qari tirifebshi cover ჯერ თავად რუსეთშიც რომ არ დაბეჭდილა. ამ წიგნს დიდი წარდგენა არ უნდა სჭირდებოდეს – ავტორის სახელით და სათაურით, ალბათ, ყველაფერი ნათქვამია. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ გვანცა ჯობავას თარგმნილია და საშინლად მომწონს ეს ახალი ტრენდი – თარგმანს მწერლები რომ ჰკიდებენ ხელს.

ლოგოს პრესი” პატარა მკითხველს ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის ახლებურად თარგმნილ ეზოპეს იგავებს სთავაზობს, ყველაზე პატარებს კი “ჯადოსნურ მუსიკალურ ჯოხს” – წიგნ-სათამაშოს, რომლითაც, თურმე, ყოვლად სერიოზული და ჭკუადამჯდარი უფროსებიც მშვენივრად ერთობიან…

პალიტრა L“-ი თავის უკიდეგანო ბიბლიოთეკაზე 75 პროცენტიან სეილს გეგმავს და ექსკლუზიური წიგნის თაროს პრეზენტაციასაც აწყობს. უნდა ვნახო, წიგნის თაროები ჩვენი თანთია :(

ეს – გამომცემლობების სიახლეები. საინტერესო სასუსნავი ბუქსთორებსაც უხვად ექნებათ. “ბიბლუსი” უკრაინელ პარტნიორს მასპინძლობს და სტენდზე ექსკლუზივს გამოფენს – რუსულენოვან კლასიკას, თანამედროვე პროზას, საბავშვო ლიტერატურას, კოხტა წიგნებს და ფერად-ფერად ალბომებს. საოფისე ესპანური ბრენდი “MILAN”-იც “ბიბლუსის” ექსკლუზივია და ამ ყველაფერს ნახევარ ფასად შემოგთავაზებთო… ელექტრონული მაღაზიის პრეზენტაციაც იგეგმება – biblusi.ge უნდა წარადგინონ და ონლაინ შოპინგი რა კომფორტულია, კი იცით…

ბუქ სითი“, “პარნასი“, “პროსპერო“, წიგნის მაღაზია “დიოგენე”… “წიგნები ბათუმში” არ გამოგრჩეთ – მარის და ირაკლის ყოველთვის აქვთ რაღაც ახალი და საინტერესო. თან ყური მოვკარი, მორიგი ვოიაჟიდან ახლახან დაბრუნდნენო.

* * *

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ მოგისმენთ, თქვენს საფესტივალო გეგმებზე მომიყევით. ეს პოსტი კი, მგონი,  აჯობებს, ამოვბეჭდო და ჩანთაში ჩავაგდო, თორემ რამე აუცილებლად გამომრჩება.

solaris cover


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: აკა მორჩილაძე, ალექსეი ტოლსტოი, ანა პოლიტკოვსკაია, ანატოლ ფრანსი, ანდონის სამარაკისი, არტანუჯი, ასტრიდ ლინდგრენი, აჰმედ ჰამბი ტამპინარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, გვანცა ჯობავა, გიორგი მაზნიაშვილი, გურამ ფანჯიკიძე, დიოგენე, ედუარდ ლირი, ეზოპე, ელფის გამომცემლობა, ექსპო ჯორჯია, ვუდი ალენი, ზაზა ჭილაძე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, თეა გვასალია, თეონა დოლენჯაშვილი, იაკოვოს კაბანელისი, ინტელექტი, ირაკლი ბაკურიძე, კენეთ გრემი, კორნეი ჩუკოვსკი, ლოგოს პრესი, მარი კორინთელი, მოლი ბლუმი წიგნის ფესტივალზე, ნილ გეიმანი, ნინო ხარატიშვილი, ოლდოს ჰაქსლი, ოჩოპინტრე, პალიტრა L, პარნასი, პელემ ვუდჰაუსი, ჟან ჟიონო, რადიარდ კიპლინგი, რიკ რიორდანი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, სიესტა, სტანისლავ ლემი, სტიან ჰულე, ტერი ბაროუზი, უმბერტო ეკო, ქარჩხაძის გამომცემლობა, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის მაღაზია "დიოგენე", ხათუნა ცხადაძე, ჯეიმს მეთიუ ბარი, ჯემალ ქარჩხაძე, ჯენეტ ბაჯელიძე, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი, Book City, prospero's books

მოლი მოლში. საფესტივალო გზამკვლევი

$
0
0

10801624_886407858058316_5753091907683268857_n

თბილისის წიგნის დღეები აგერ, ახლახან ჩავათავეთ,  ახალი წიგნები ბევრს თაროებზეც არ ექნებოდა შელაგებული, რომ უკვე მორიგი ბიბლიოორგია მოგვადგა კარს – წიგნის საახალწლო ფესტივალი “თბილისი მოლში”. გადასარევი ამბავია, სხვათა შორის – რაც მეტი, მით უკეთესი.

ბოლო ბიბლიოაურზაური, თავადაც შეამჩნევდით, უფრო ფასთაცვენაზე, ფასდაკლებებზე, მსუყე დისქაუნთზე იყო ორიენტირებული. საახალწლო ფესტივალზე, როგორც ჭეშმარიტ ზეიმს შეეფერება, ბევრი სიახლეა.  ჰოდა, ერთი გზამკვლევი, ვფიქრობ, არ გვაწყენს – პრიორიტეტებსაც თავიდანვე განვსაზღვრავთ და ბიუჯეტსაც უკეთ გავანაწილებთ.

სრული და ყოვლისმომცველი კატალოგი ვარო, ეს პოსტი ვერ დაიჩემებს – არც ადგილი მეყოფა საამისოდ და მაინცდამაინც საჭიროებასაც ვერ ვხედავ. მარტო ის მინდა, მოლისთვის საინტერესო წიგნებზე გიამბოთ; დანარჩენს თავადაც მშვენივრად მიხედავთ – აქ ისეთი გამოცდილი მკითხველი იყრის თავს, გამომცემლობების პრაისლისტებში ბარე ორ კონსულტანტზე უკეთ რომ ერკვევა.

მოკლედ, ვახსენოთ ღმერთი და მივყვეთ მოლის საახალწლო სიას.

“ინტელექტს” და “არტანუჯს” იმდენი სიახლე აქვთ, სულო ცოდვილო, ერთ თავმოყვარე ფესტივალს მარტოც ჩაატარებდნენ. პრეზენტაციები ოთხ საფესტივალო დღეზე აქვთ კოხტად გადანაწილებული და თუ მოიცლით, ყველას მონახულებას მოასწრებთ.

“არტანუჯი” გოგა ჩანადირის ღია ბარათების კრებულების წარდგენას გეგმავს. “ციდან დანახული საქართველო”, “ბათუმი ღამით”, “ანარეკლები. საქართველო” – მშვენიერი და 10559919_884478178251284_1402767172066632607_nხარისხიანი სუვენირებია. ჰალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი” ახალი გამოცემაა, მაცდურად ჟღერს და აუცილებლად გადავავლებ თვალს.

ახლა “ინტელექტისაც” ვთქვათ. ჯერ კლასიკა – ნოდარ დუმბაძის “HELLADOS” კოლექციონერებისათვის, ნუგზარ შატაიძის “მოგზაურობა აფრიკაში” და “კუნძული” (გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირის” და საოსკაროდ გამზადებული “სიმინდის კუნძულის” ლიტერატურული პირველწყარო, სხვათა შორის), მილორად პავიჩის ცინცხალი სამტომეული პავიჩოლოგებისათვის – “ხაზარული სიტყვის კონა”, “უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” და “ჩაით დახატული პეიზაჟი”. გადმოქართულებული პავიჩი აქამდეც მოიძებნებოდა მაღაზიებში, მაგრამ კინკილა გამოცემა ერთია და საფირმო, სოლიდური სამტომეული – სულ სხვა…

პოეზია ჩემთვის პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა, მაგრამ პაატა შამუგიას “შიზოგადოებას” ჯერ ქავერი აქვს ისეთი, შეხედავ და გეტკინება, მერე სათაურია მრავლისმთქმელი და, ბოლოს და ბოლოს, პაატა შამუგიაა. ჰოდა, უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. ივა ფეზუაშვილის სადებიუტო “ვცადე”-ც მინდა. ივას ბლოგებს ვკითხულობ. გემრიელად წერს და კარგა ხანია, დროა, მისი სახელი და გვარი წიგნის გარეკანზეც ამოვიკითხოთ.

მე თუ მკითხავთ, ყველაზე საინტერესო მაინც ეკა ქევანიშვილის ლიტერატურული პროფაილებია, ჟურნალებში რომ იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს და ახლა წიგნად აიკინძა. დიანა ანფიმიადი, ანდრო ბუაჩიძე, ლაშა ბუღაძე,  ბათუ დანელია,  თეონა დოლენჯაშვილი, ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი კეკელიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, მაკა ლდოკონენი, გურამ მეგრელიშვილი, მაკა მიქელაძე, გაგა ნახუცრიშვილი,  ლელა სამნიაშვილი,  დათო ტურაშვილი, თამრი ფხაკაძე, ბესო1525776_887811547917947_1873932781528852950_n ხვედელიძე და სხვები. გადასარევი ინტერვიუერი, საინტერესოზე საინტერესო ხალხი – გემრიელი საკითხავი, მოკლედ.

და, რა თქმა უნდა, “სიყვარულით სამზარეულოში” – სოფი ლორენის კულინარიული წიგნი ^_^ ორი თუ სამი თვის წინ მაჩვენა მეგობარმა ულამაზესი ქავერი და მას მერე ველოდები. კინოსი ბევრი არაფერი გამეგება, სამაგიეროდ, კულინარია მიყვარს ძალიან – სპორტის ოსტატი ვარ დეგუსტაციაში.

“დიოგენე” მკითხველს 20-90-პროცენტიანი ფასდაკლებით გაანებივრებს; “დიოგენეს ბიბლიოთეკის” რეპრინტებიც უხვად ექნებათ, ახალი, კრეატიული და ფრიად სახალისო დიზაინით; არც “ამერიკელების” ბოლო ორ ტომს გასვლია ყავლი; სპეციალური ფასები ვონეგუტსა და კერუაკზეც გავრცელდება; სხვა საჩუქრებიც იქნებაო და რა გითხრათ, სიუპრიზების მოწყობა “დიოგენეს” არც არასოდეს ავიწყდებოდა, საახალწლოდ – მით უმეტეს…

“აგორამ” დენიელ პენაკის ექვსწიგნიანი საგის გამოცემა დაიწყო: “კაციჭამიათა საბედნიეროდ” და “ფერია კარაბინით”. “რომანივით საკითხავის” ავტორის მხატვრული პროზა, სულ მცირე, საინტერესოა. სხვა სიახლეებიც მოიძებნება,  მაგრამ ერთი უდავოდ გამორჩეულია.

შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება” უთარგმნია გიორგი ეკიზაშვილს, თან ისე, რომ მიხეილ თუმანიშვილის წლევანდელი პრემიაც აუღია საუკეთესო qartuli-ena-zarmacebisatvis-cover-2თარგმანისათვის. ეს პრემია გამოუცემელ თარგმანებს ენიჭება და მოსასწრებად აქვთ საქმე, იქნებ საფესტივალოდ დაიბეჭდოს. თუ მოხერხდა, ხომ კარგი და თუ არა – გამომცემლობის მისამართი კი ვიცი, მერე მოვიკითხავ.

ტრადიციულად მსუყე დისქაუნთი ექნება “ოჩობუქსს”.  თან სატარებელ წიგნებს გემრიელ ფასს დაადებენ. ჰოდა, თუ ოჩოს და პინტრეს კოლექციიდან კაფკას “პროცესი” გაკლიათ, ფრანსის “ანგელოზთა აჯანყება”, ან დოსტოევსკის “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“, შესავსებად უკეთეს დროს ვერ იპოვით.

ერთი ისეთი სიახლე მაქვს თქვენთვის, თითებს ჩაიკვნეტთ. თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდი ხომ იცით? კუწკუწა სტატუსებით ცხოველებზე. ჰოდა, ამ სტატუსების წიგნად აკინძვას აპირებენ. “ოჩობუქსის” და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტია. დეტალებს საფესტივალო პრეზენტაციაზე გაგვიმხელენ. სამუშაო ბევრია, თუ ყველაფერი კარგად გააკეთეს და არ იჩქარეს, უგემრიელესი წიგნი გამოვა. ჰოდა, არც ვჩქარობთო.

კიდევ ერთი გადასარევი ამბავი: ზინა გაბიჩვაძის “ქართული ენა ზარმაცებისათვის” ხომ გახსოვთ? აი, ის წიგნი, შარშან რომ უნდა გამოეცათ, ბლოგერების (და არამხოლოდ) სამაგიდო სახელმძღვანელო, გემრიელად მოყოლილი ქართული გრამატიკის ამბები? ჰოდა, ვეღირსეთ, როგორც იქნა, პრეზენტაციაა კვირას.

ფესტივალში არ მონაწილეობს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. მართალია, ცოტა უცნაურია მეტ-ნაკლებად მასშტაბური ბიბლიოაქტივობა “სულაკაურის” გარეშე, მაგრამ “კარფურში” უზარმაზარი სტენდი ისედაც უდგათ და საახალწლო ფასთაცვენა იმ სტენდზეც გავრცელდება. “სულაკაურის” ფერად-ფერად წიგნებს, დარწმუნებული ვარ,10320902_10152570925859211_7087125844160284627_o ჩემზე უკეთ იცნობთ  და თავადაც მშვენივრად შეარჩევთ; სიახლეებზე მოლის აზრი თუ გაინტერესებთ, DK-ს სრულიად ფანტასტიკურ “მხატვრობას” გირჩევდით, სალა სიმუკას “სისხლივით წითელს” და “სუპერკლაუსის თავგადასავალს” პატარებისათვის (და არამხოლოდ მათთვის).

საფესტივალო ჩამონათვალში ფორმალურად არ იქნება “ლოგოს პრესიც”, მაგრამ “მუსიკალური ჯადოსნური ჯოხის“, “პრინცესების საყვარელი ზღაპრების“, ეზოპეს იგავების, “პაწია საგანძურის“, ბერძნული მითებისა და სხვა ფერადი საყვარლობების მოძიება მაღაზიების სტენდებზეც შეიძლება (აი, რა სარგებლობა მოაქვს ფესტივალში ბუქსთორების მონაწილეობას). მე ახალი სერიის მეორე ტომი მაინტერესებს, საყმაწვილო მოთხრობების ანთოლოგია, გადასარევი სერიაა და ვგულშემატკივრობ კიდეც.

ეს გამომცემლობები… ბუქსთორების სტენდები ცალკე თემაა. კაცმა არ იცის, რომელ უცხოენოვან მარგალიტს გადააწყდები და ფასდაკლებები იმათაც მსუყე და გემრიელი აქვთ. “პარნასი”,  ,”წიგნები ვაკეში”, “დიოგენეს” წიგნის მაღაზია… ბათუმელებს “ლენიზდატის” პოკეტბუქების სრული კოლექცია ჩამოაქვთ, ბევრი Sci Fi და ფენტეზი, ბევრი საბავშვო წიგნი – როგორც ყოველთვის.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ცხვირი მიგრძნობს, სასიამოვნოდ დატვირთული ფესტივალი გამოვა, თქვენ ის მითხარით, სამსახურს რა ვუყო. “თბილისი მოლში” ორომტრიალი ხუთშაბათს იწყება და შაბათ-კვირამდე რა გაძლებს!..


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: "დიოგენეს" წიგნის მაღაზია, აგორა, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, თბილისი მოლი, თბილისის ზოოპარკი, თბილისის წიგნის დღეები, ინტელექტი, ლოგოს პრესი, პარნასი, სიესტა, წიგნები ბათუმში, წიგნები ვაკეში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის საახალწლო ფესტივალი, ochobooks

თბილისის წიგნის დღეები –საფესტივალო გეგმა

$
0
0

12228128_844977402286184_721755853_o

თბილისის წიგნის დღეები, ტრადიციულად, ოთხდღიანია და ამ ოთხი დღიდან ორი, ასევე ტრადიციულად, სამუშაოა. ჰოდა, თუ თქვენც ხუთშაბათს და პარასკევს ჩემსავით სამსახურში ხართ გამომწყვდეული, რამე უნდა მოიფიქროთ, თორემ შაბათ-კვირა, ამხელა ამბისთვის, ღმერთმანი, ცოტაა.

წლევანდელი ბიბლიოაურზაურის ლოკაცია “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებია, წერეთელზე. “თბილისი მოლის” სტუმართმოყვარე კაფეები კი დაგვაკლდება, მაგრამ, მოდი, ესეც ვთქვათ, რომ წიგნის ფესტივალისთვის “ექსპოს” სივრცე უკეთ ადაპტირებულია და ჯანდაბას, სენდვიჩებს ზურგჩანთით წამოვიღებ.

გამომცემლობებმა კატალოგები უკვე გამოაქვეყნეს. დარწმუნებული ვარ, კიდით კიდემდე შეისწავლიდით და საკბილოსაც მოინიშნავდით, მე კი მოლის საფესტივალო რუკას გაგიზიარებთ. მე ჩემსას გეტყვით, თქვენ – თქვენსას და სოფელიც აშენდება.

ასე გამოდის, რომ ნოემბერ-დეკემბრის წიგნის დღეები და საახალწლო ბიბლიოივენთები ფასდაკლებებზეა ორიენტირებული. ისე არ გამიგოთ, თითქოს ახალი გამოცემები არ იქნება. არანაირად. აბა,  პოსტს რისთვის ვწერ… უბრალოდ, სიახლეები მაისში მეტია ხოლმე. დისქაუნთზე და პროცენტებზე კატალოგებში უკეთ წერია, მე ახალ წიგნებზე მოგიყვებით. მაისში უფრო მეტია-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ ახლაც იმდენია, ერთ თავმოყვარე თაროს შეავსებს.

ოჩობუქსი” ახალი სერიის პრეზენტაციას გეგმავს. “აღმოსავლეთი” უძველეს აღმოსავლურ ლიტერატურულ ძეგლებს გააერთიანებს და წარსულში 12249821_10153281767034211_8096760065151893117_nმოგზაურობა “გილგამეშიანით” დაიწყება. “ოჩოს” პირველი წიგნიდან ვგულშემატკივრობ, ერთიც არ გამომიტოვებია, თან ჩემი ამბავი ხომ იცით – სერიები და ტომეულები განსაკუთრებით მიყვარს, ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა. ჰოდა, არ გამოვტოვებ.

წიგნის დღეებში, მოგეხსენებთ, მხოლოდ გამომცემლობები არ მონაწილეობენ. აგერ, “შექსპირი და კომპანია“, გახსნის დღიდან, ერთ მსხვილ ივენთსაც არ დაჰკლებია. ხვალაც არ დაგვაღალატებს და ექსპოში დაგვხვდება, ბევრი რუსულენოვანი წიგნით, “Taschen”-ის გადასარევი ალბომებით, 50%-იანი ფასდაკლებით, საფირმო პოსტერებით. შექსპირისთვის გვერდის ავლა არ ღირს, მანდ სულ საინტერესო და უჩვეულო რაღაცები აქვთ.

სულაკაურთან” რ. ჯ. პალაციოს “საოცრება” უნდა მოვიკითხო. აქტუალური წიგნია, ბულინზე. ჩუმი ფერისცვალების ლამაზი, მხიარული და ცრემლისმომგვრელი ამბავიო, ყდას აწერია და ხელიდან ვერ გავუშვებ. ბანერზეbook_562f3a4891999 კერი სმიტის “არ დაინდო დღიურიც” აქვთ და ვკვდები, ისე მაინტერესებს, რა ხდება მანდ, მხატვრის კრეატიული ბლოკნოტიო, დამანგრეველ შემოქმედებას შეუერთდითო, მილიონიანი ტირაჟით გაყიდულა. მოკლედ, უნდა ვნახო.

პალიტრა L” პავილიონს შოურუმად აქცევს, სივრცეს მუზეუმის სახე ექნებაო, გვპირდება, ყველაზე პოპულარულ სერიებზე დისქაუნთს გეგმავს, სიახლეებიდან ტოპ თრილერის მორიგი ტომი ექნება – კენ ფოლეტის “უკუათვლა”, ამერიკისა და საბჭოეთის კოსმოსისთვის ბრძოლის ამბები და ჰერმან კოხის “ვახშამი”, ფრიად დამაინტრიგებელი რომანი, სადაც ყველა გმირი, იმავდროულად, ანტიგმირია და ყველა ანტიგმირი ცოტათი მაინც გმირი.

 

ლიბერთინსს” ემი იტერანტა სტუმრობს, “წყლის საიდუმლოს” ავტორი. დილით ჩამოსულა და  ხვალ, 4 საათზე, მკითხველს შეხვდება. 12299793_918939328194524_781942623_oლიბერთინსელების რაოდენობას და აქტიურობას თუ გავითვალისწინებთ, აშკარად ყველაზე ხალხმრავალი ივენთი იქნება. ძალიანაც კარგი. ფესტივალი იმის ფესტივალია, სტუმრები დაპატიჟო და ზეიმი მოაწყო, თორემ წიგნს მაღაზიაშიც იყიდის კაცი.

ბათუმელებს ახალი ხუთეული აქვთ, Fantastic Five, ფერადები და ერთი მეორეზე უკეთესები. “ნარნიას ქრონიკების” და “მხედვარის” მეორე ნაწილებს, ვეჭვობ, დიდი წარდგენა არც სჭირდება. კასანდრა კლერის “სასიკვდილო იარაღების” მეორე წიგნიც დაიბეჭდა, “ფერფლის ქალაქი”, ამ ტრილოგიას ისეთი ერთგული მკითხველი ჰყავს, სადღაც კმაყოფილიც კი ვარ, შინ რომ მიდევს და კილომეტრიან რიგში არ მომიწევს ჩადგომა. ყველაზე მეტად კი რობერტ ჰაინლაინის “კარი ზაფხულში” მიხარია, კლასიკური ფანტასტიკის მარგალიტი და, რა თქმა უნდა, ძმები სტრუგაცკების “ორშაბათი იწყება შაბათს”, ჟანრის მოყვარულთათვის აბსოლუტური must read ტექსტი.

დიოგენეს ბიბლიოთეკას” ჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი” და იტალო კალვინოს “უხილავი ქალაქები” დაემატება, ყოვლად გადასარევ “ამერიკელებს” – ჯონ აპდაიკის “ბრაზილია“, ტრეისი შევალიეს12283269_10207261830361373_1091971823_nგოგონა მარგალიტის საყურით” ისტორიული რომანია, ვერმეერის შედევრის შექმნის ორიგინალური ვერსია, ამბავს თავად ის გოგო ყვება, ჯერ არ წამიკითხავს და დეტალებზე მერე იყოს, მაგრამ ერთი წიგნის ფასი ყდა აქვს და, სულო ცოდვილო, იმ ყდის გამო იყიდის თავდადებული მკითხველი. ჰო, ყველაზე მაგარი ამბავი – წიგნის დღეებისთვის სტივენ კინგის “ბნელი კოშკის” გაგრძელებაც მოხერხდა. მესამე წიგნის – “უნაყოფო მიწების” – მეორე ნაწილი მოესწრო. მთარგმნელი ისევ ნიკა სამუშიაა, რაც განსაკუთრებით მახარებს.

ინტელექტისთვის” წლევანდელი წიგნის დღეები, პირველ რიგში, მარკესი და პავიჩია. თავად განსაჯეთ – დიდი კოლუმბიელის სამი წიგნი – “ფოთოლცვენა”, “თორმეტი მოხეტიალე მოთხრობა” – ბარსელონაში, ჟენევაში, რომში, პარიზში და ევროპის სხვა ქალაქებში დახატული მოზაიკა, “ერთი მოტაცების ამბავი” და ორიც პავიჩი – “ბელგრადის ბიოგრაფია” და “ქარის შიგნითა მხარე” – ორივეს დიდი ხანია, ველოდებით.

არტანუჯს სამი non fiction აქვს გეგმაში, მაგრამ როგორი – ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები, შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანი – 12294647_525427650957781_764719726578963308_n“მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე” – ერთი ქართულ-აფხაზული ოჯახის ტრაგედია და, ალბათ, ყველაზე ტკბილი ლუკმა – ჯონ სტაინბეკის “რუსული დღიური“.

დიახ, დიახ, ის სახელგანთქმული “რუსული დღიური”, სტაინბეკის და რობერტ კაპას საბჭოთა კავშირში ორთვიანი მოგზაურობის ქრონიკები, წინა საუკუნის ორმოციანი წლების დასასრულის მოსკოვი, კიევი, სტალინგრადი და, რაც ყველაზე საინტერესოა, საქართველო. რკინის ფარდის მიღმა ადამიანების ყოველდღიურობა, უზომოდ საინტერესო ტექსტი და ვიზუალი.

წიგნის ფესტივალებზე გამორჩევა არ მიყვარს, ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ მარკესს, პავიჩს და სტაინბეკ-კაპას ქრონიკებს სხვანაირად ველოდები. დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი მოესწრება.

ჰო, არ გამომრჩეს, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ოცდაშვიდში, პარასკევს, თერთმეტი საათიდან,  გამომცემლებსა და რედაქტორებს “ექსპოს“ მესამე პავილიონში, ყველაზე დიდი ნორვეგიული გამომცემლობა “კაპელენ დამ”-ის თარგმნილი ლიტერატურის რედაქტორის, ჟურნალისტისა და მუსიკოსის ბერნარდ მორის სემინარზე ეპატიჟება. თემაა ისეთი საინტერესო და აქტუალური – “წარმატებული რედაქტორი კონკურენტუნარიან ბაზარზე” – რედაქტორი არ ვარ, მაგრამ დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი, ღმერთმანი.

აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ეს, რაც მე მოვყევი და რაც პოსტში არ ჩაეტია – ცალკე ამბავია. შეხვედრები, პრეზენტაციები, გამოფენები, საჩუქრები, წიგნის ფესტივალს სიურპრიზების გარეშე როდის ჩაუვლია, ახლა გაუწყრეს ღმერთი… მოკლედ, რამე უნდა ვიღონო. უიქენდი მართლა არ მეყოფა.

 


Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა არტანუჯი, დიოგენე, ექსპო ჯორჯია, თბილისის წიგნის დღეები, ინტელექტი, ლიბერთინსი, პალიტრა L, შექსპირი და კომპანია, წიგნები ბათუმში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ochobooks
Viewing all 11 articles
Browse latest View live