თბილისის წიგნის დღეები აგერ, ახლახან ჩავათავეთ, ახალი წიგნები ბევრს თაროებზეც არ ექნებოდა შელაგებული, რომ უკვე მორიგი ბიბლიოორგია მოგვადგა კარს – წიგნის საახალწლო ფესტივალი “თბილისი მოლში”. გადასარევი ამბავია, სხვათა შორის – რაც მეტი, მით უკეთესი.
ბოლო ბიბლიოაურზაური, თავადაც შეამჩნევდით, უფრო ფასთაცვენაზე, ფასდაკლებებზე, მსუყე დისქაუნთზე იყო ორიენტირებული. საახალწლო ფესტივალზე, როგორც ჭეშმარიტ ზეიმს შეეფერება, ბევრი სიახლეა. ჰოდა, ერთი გზამკვლევი, ვფიქრობ, არ გვაწყენს – პრიორიტეტებსაც თავიდანვე განვსაზღვრავთ და ბიუჯეტსაც უკეთ გავანაწილებთ.
სრული და ყოვლისმომცველი კატალოგი ვარო, ეს პოსტი ვერ დაიჩემებს – არც ადგილი მეყოფა საამისოდ და მაინცდამაინც საჭიროებასაც ვერ ვხედავ. მარტო ის მინდა, მოლისთვის საინტერესო წიგნებზე გიამბოთ; დანარჩენს თავადაც მშვენივრად მიხედავთ – აქ ისეთი გამოცდილი მკითხველი იყრის თავს, გამომცემლობების პრაისლისტებში ბარე ორ კონსულტანტზე უკეთ რომ ერკვევა.
მოკლედ, ვახსენოთ ღმერთი და მივყვეთ მოლის საახალწლო სიას.
“ინტელექტს” და “არტანუჯს” იმდენი სიახლე აქვთ, სულო ცოდვილო, ერთ თავმოყვარე ფესტივალს მარტოც ჩაატარებდნენ. პრეზენტაციები ოთხ საფესტივალო დღეზე აქვთ კოხტად გადანაწილებული და თუ მოიცლით, ყველას მონახულებას მოასწრებთ.
“არტანუჯი” გოგა ჩანადირის ღია ბარათების კრებულების წარდგენას გეგმავს. “ციდან დანახული საქართველო”, “ბათუმი ღამით”, “ანარეკლები. საქართველო” – მშვენიერი და ხარისხიანი სუვენირებია. ჰალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი” ახალი გამოცემაა, მაცდურად ჟღერს და აუცილებლად გადავავლებ თვალს.
ახლა “ინტელექტისაც” ვთქვათ. ჯერ კლასიკა – ნოდარ დუმბაძის “HELLADOS” კოლექციონერებისათვის, ნუგზარ შატაიძის “მოგზაურობა აფრიკაში” და “კუნძული” (გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირის” და საოსკაროდ გამზადებული “სიმინდის კუნძულის” ლიტერატურული პირველწყარო, სხვათა შორის), მილორად პავიჩის ცინცხალი სამტომეული პავიჩოლოგებისათვის – “ხაზარული სიტყვის კონა”, “უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში” და “ჩაით დახატული პეიზაჟი”. გადმოქართულებული პავიჩი აქამდეც მოიძებნებოდა მაღაზიებში, მაგრამ კინკილა გამოცემა ერთია და საფირმო, სოლიდური სამტომეული – სულ სხვა…
პოეზია ჩემთვის პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა, მაგრამ პაატა შამუგიას “შიზოგადოებას” ჯერ ქავერი აქვს ისეთი, შეხედავ და გეტკინება, მერე სათაურია მრავლისმთქმელი და, ბოლოს და ბოლოს, პაატა შამუგიაა. ჰოდა, უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. ივა ფეზუაშვილის სადებიუტო “ვცადე”-ც მინდა. ივას ბლოგებს ვკითხულობ. გემრიელად წერს და კარგა ხანია, დროა, მისი სახელი და გვარი წიგნის გარეკანზეც ამოვიკითხოთ.
მე თუ მკითხავთ, ყველაზე საინტერესო მაინც ეკა ქევანიშვილის ლიტერატურული პროფაილებია, ჟურნალებში რომ იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს და ახლა წიგნად აიკინძა. დიანა ანფიმიადი, ანდრო ბუაჩიძე, ლაშა ბუღაძე, ბათუ დანელია, თეონა დოლენჯაშვილი, ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი კეკელიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, მაკა ლდოკონენი, გურამ მეგრელიშვილი, მაკა მიქელაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ლელა სამნიაშვილი, დათო ტურაშვილი, თამრი ფხაკაძე, ბესო ხვედელიძე და სხვები. გადასარევი ინტერვიუერი, საინტერესოზე საინტერესო ხალხი – გემრიელი საკითხავი, მოკლედ.
და, რა თქმა უნდა, “სიყვარულით სამზარეულოში” – სოფი ლორენის კულინარიული წიგნი ^_^ ორი თუ სამი თვის წინ მაჩვენა მეგობარმა ულამაზესი ქავერი და მას მერე ველოდები. კინოსი ბევრი არაფერი გამეგება, სამაგიეროდ, კულინარია მიყვარს ძალიან – სპორტის ოსტატი ვარ დეგუსტაციაში.
“დიოგენე” მკითხველს 20-90-პროცენტიანი ფასდაკლებით გაანებივრებს; “დიოგენეს ბიბლიოთეკის” რეპრინტებიც უხვად ექნებათ, ახალი, კრეატიული და ფრიად სახალისო დიზაინით; არც “ამერიკელების” ბოლო ორ ტომს გასვლია ყავლი; სპეციალური ფასები ვონეგუტსა და კერუაკზეც გავრცელდება; სხვა საჩუქრებიც იქნებაო და რა გითხრათ, სიუპრიზების მოწყობა “დიოგენეს” არც არასოდეს ავიწყდებოდა, საახალწლოდ – მით უმეტეს…
“აგორამ” დენიელ პენაკის ექვსწიგნიანი საგის გამოცემა დაიწყო: “კაციჭამიათა საბედნიეროდ” და “ფერია კარაბინით”. “რომანივით საკითხავის” ავტორის მხატვრული პროზა, სულ მცირე, საინტერესოა. სხვა სიახლეებიც მოიძებნება, მაგრამ ერთი უდავოდ გამორჩეულია.
“შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება” უთარგმნია გიორგი ეკიზაშვილს, თან ისე, რომ მიხეილ თუმანიშვილის წლევანდელი პრემიაც აუღია საუკეთესო თარგმანისათვის. ეს პრემია გამოუცემელ თარგმანებს ენიჭება და მოსასწრებად აქვთ საქმე, იქნებ საფესტივალოდ დაიბეჭდოს. თუ მოხერხდა, ხომ კარგი და თუ არა – გამომცემლობის მისამართი კი ვიცი, მერე მოვიკითხავ.
ტრადიციულად მსუყე დისქაუნთი ექნება “ოჩობუქსს”. თან სატარებელ წიგნებს გემრიელ ფასს დაადებენ. ჰოდა, თუ ოჩოს და პინტრეს კოლექციიდან კაფკას “პროცესი” გაკლიათ, ფრანსის “ანგელოზთა აჯანყება”, ან დოსტოევსკის “იატაკქვეშეთის ჩანაწერები“, შესავსებად უკეთეს დროს ვერ იპოვით.
ერთი ისეთი სიახლე მაქვს თქვენთვის, თითებს ჩაიკვნეტთ. თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდი ხომ იცით? კუწკუწა სტატუსებით ცხოველებზე. ჰოდა, ამ სტატუსების წიგნად აკინძვას აპირებენ. “ოჩობუქსის” და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტია. დეტალებს საფესტივალო პრეზენტაციაზე გაგვიმხელენ. სამუშაო ბევრია, თუ ყველაფერი კარგად გააკეთეს და არ იჩქარეს, უგემრიელესი წიგნი გამოვა. ჰოდა, არც ვჩქარობთო.
კიდევ ერთი გადასარევი ამბავი: ზინა გაბიჩვაძის “ქართული ენა ზარმაცებისათვის” ხომ გახსოვთ? აი, ის წიგნი, შარშან რომ უნდა გამოეცათ, ბლოგერების (და არამხოლოდ) სამაგიდო სახელმძღვანელო, გემრიელად მოყოლილი ქართული გრამატიკის ამბები? ჰოდა, ვეღირსეთ, როგორც იქნა, პრეზენტაციაა კვირას.
ფესტივალში არ მონაწილეობს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. მართალია, ცოტა უცნაურია მეტ-ნაკლებად მასშტაბური ბიბლიოაქტივობა “სულაკაურის” გარეშე, მაგრამ “კარფურში” უზარმაზარი სტენდი ისედაც უდგათ და საახალწლო ფასთაცვენა იმ სტენდზეც გავრცელდება. “სულაკაურის” ფერად-ფერად წიგნებს, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ იცნობთ და თავადაც მშვენივრად შეარჩევთ; სიახლეებზე მოლის აზრი თუ გაინტერესებთ, DK-ს სრულიად ფანტასტიკურ “მხატვრობას” გირჩევდით, სალა სიმუკას “სისხლივით წითელს” და “სუპერკლაუსის თავგადასავალს” პატარებისათვის (და არამხოლოდ მათთვის).
საფესტივალო ჩამონათვალში ფორმალურად არ იქნება “ლოგოს პრესიც”, მაგრამ “მუსიკალური ჯადოსნური ჯოხის“, “პრინცესების საყვარელი ზღაპრების“, ეზოპეს იგავების, “პაწია საგანძურის“, ბერძნული მითებისა და სხვა ფერადი საყვარლობების მოძიება მაღაზიების სტენდებზეც შეიძლება (აი, რა სარგებლობა მოაქვს ფესტივალში ბუქსთორების მონაწილეობას). მე ახალი სერიის მეორე ტომი მაინტერესებს, საყმაწვილო მოთხრობების ანთოლოგია, გადასარევი სერიაა და ვგულშემატკივრობ კიდეც.
ეს გამომცემლობები… ბუქსთორების სტენდები ცალკე თემაა. კაცმა არ იცის, რომელ უცხოენოვან მარგალიტს გადააწყდები და ფასდაკლებები იმათაც მსუყე და გემრიელი აქვთ. “პარნასი”, ,”წიგნები ვაკეში”, “დიოგენეს” წიგნის მაღაზია… ბათუმელებს “ლენიზდატის” პოკეტბუქების სრული კოლექცია ჩამოაქვთ, ბევრი Sci Fi და ფენტეზი, ბევრი საბავშვო წიგნი – როგორც ყოველთვის.
აი, ასეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ცხვირი მიგრძნობს, სასიამოვნოდ დატვირთული ფესტივალი გამოვა, თქვენ ის მითხარით, სამსახურს რა ვუყო. “თბილისი მოლში” ორომტრიალი ხუთშაბათს იწყება და შაბათ-კვირამდე რა გაძლებს!..
Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: "დიოგენეს" წიგნის მაღაზია, აგორა, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, თბილისი მოლი, თბილისის ზოოპარკი, თბილისის წიგნის დღეები, ინტელექტი, ლოგოს პრესი, პარნასი, სიესტა, წიგნები ბათუმში, წიგნები ვაკეში, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, წიგნის საახალწლო ფესტივალი, ochobooks
