როგორც იქნა, დადგა დღე, რომელსაც, რამდენიმე კვირაა, მოუთმენლად ელოდნენ თბილისელი ბიბლიოფილები და, რა თქმა უნდა, მეც. დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკარს ჯერ კიდევ შუადღემდე მივადექი საფესტივალო პროგრამით შეიარაღებული.
გამოფენის ტერიტორიაზე ხალხის სიმრავლემ თავიდანვე კარგ გუნებაზე დამაყენა, ხოლო როდესაც მე-11 პავილიონში, შესასვლელთან დამხვედრ გოგონებს ფერადი ფლაერები ჩამოვართვი და სტელაჟებთან შეჯგუფებულ მნახველებს გადავავლე თვალი, განწყობა კიდევ გამიუმჯობესდა.
თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ გამომცემლობებს და წიგნის მაღაზიებს სტუმრების დასახვედრად საგულდაგულოდ ეზრუნათ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, “დიოგენეს”, “ინტელექტის”, ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის, სანტა-ესპერანსას,
Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.
Prospero’s Books-ის საავტორო სტენდები ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩეოდა და წიგნების მრავალფეროვნებითაც. საბავშვო გამოცემების სიმრავლე, რომელმაც 23 აპრილს, დედაენის ბაღში, ცოტა არ იყოს და თვალი მომჭრა, დღეს იმდენად აშკარა აღარ იყო.
ფესტივალის ორგანიზატორებმა დაპირება შეასრულეს და თითქმის ყველა გამომცემლობამ წიგნები სერიოზული ფასდაკლებით შემოგვთავაზა. გამონაკლისს მხოლოდ “ლიგამუსი” წარმოადგენდა, რომლის სტენდზეც, ჩემთვის (და ალბათ ფენტეზის ყველა მოყვარულისთვის) საინტერესო გამოცემებზე სეილი ვერ აღმოვაჩინე.
სიახლეებს რაც შეეხება, ვფიქრობ, სტუმრები გულნაკლულნი არ დარჩებოდნენ, რადგან თითქმის ყველა გამომცემლობამ თითო-ოროლა ახალი წიგნი მაინც წარმოადგინა.
“დიოგენეს” სტენდთან ნატო დავითაშვილის “ნისლებში და ნისლებს მიღმა” მაჩუქა ჩემმა მეგობარმა, ხოლო როჯერ ზელაზნისა და ტერი პრატჩეტის ტომებით თავად გავინებივრე თავი. ერთი ეგ იყო, რომ ყველა კონსულტანტს რატომღაც წვრილი კუპიურების პრობლემა ჰქონდა და ბოლო წიგნის საფასური ლამის ლიფტისთვის გადანახული ათთეთრიანებით გადავიხადე. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ დღევანდელი მწარე გამოცდილების მიღების შემდეგ მომდევნო დღეებისთვის მაინც მოიმარაგებენ ხურდას-მეთქი.
პირველი საფესტივალო დღისთვის, მოგეხსენებათ, სამი პრეზენტაცია იყო დაგეგმილი. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, პირველი ორი ისეთი დაგვიანებით დაიწყო, რომ ერთადერთი პუნქტუალური პრეზენტატორი – მიხო მოსულიშვილი, საგანგებოდ მოწყობილ სცენასთან “პეგასის” სტენდით ხელში გერმანული სიზუსტით როცა გამოცხადდა, ბაკურ სულაკაურისა და მისი შვედი სტუმრების მიერ საბავშვო წიგნის “კოლოფის” წარდგინება ახალი დამთავრებული იყო, ხოლო ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლები უდრტვინველი სახით იწყებდნენ გალაკტიონის ოცდახუთტომრულზე საუბარს.
პავილიონში ხეტიალისას ერთი, ფრიად სასიამოვნო, ტენდენცია შევნიშნე – როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოებისთვის წიგნის ფესტივალი უკვე საოჯახო დღესასწაულთან ასოცირდება და ამან ძალიან გამახარა. მით უმეტეს, რომ იმ სტუმრებისთვის, რომლებიც შემოთავაზებული წიგნების ავ-კარგის შესაფასებლად მეტისმეტად პატარები იყვნენ, ეზოში გასართობი პროგრამა “მულტი-პულტი” მიმდინარეობდა პოპულარული ანიმაციური გმირების მონაწილეობით. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი ფოტოაპარატით პატარა ბიჭის დაფიქსირება, რომელიც შემზარავ ცისფერ დრაკონს მამაცურად ეკონწიალებოდა კუდზე.
სტუმრებს შორის ბიბლიოფილურ-მსუნაგი სახით ჩაიქროლა როდემ და “დიოგენეს” სტენდთან რატომღაც მინიატურული პოეტური კრებულებით სავსე კალათში ჩაყო ცხვირი. შორიახლო ჰექსეც დავლანდე და ვასასის დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერსად აღმოვაჩინე. უკვე დაღლილი ვიყავი, თან წიგნებით სავსე ჩანთაც გვარიანად მამძიმებდა, ამიტომ დანარჩენი ხვალისთვის გადავდე და სულიერი საზრდოს მიღების შემდეგ გადავწყვიტე, ცოტა მიწიერ საკვებზეც მეზრუნა. “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორია კი ერთი სასიამოვნო ფიქრით გამსჭვალულმა დავტოვე: “ფესტივალი შედგა!”
Filed under: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი Tagged: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, დიოგენე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, მიხო მოსულიშვილი, ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, პეგასი, როჯერ ზელაზნი, ტერი პრატჩეტი, ფანტასტიკა, ფენტეზი, ქართული თარგმანი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, ქართული პროზა, ქარჩხაძის გამომცემლობა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
